ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შემდეგ "მგლებში" მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდა დანიელე დე როსი, რომელმაც თავისი მშობლიური გუნდი ნამდვილად ახლებურად აათამაშა. "კაპიტოლინი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის რეალური პრეტენდენტია და ამასთან ერთად, ეს კლუბი ევროპა ლიგის მოგების ფავორიტებს შორისაც არის.

"არწივებში" სიახლეები სულ რაღაც ცოტა ხნის წინ დაიწყო. მაურიციო სარის ნაცვლად გუნდში მოვიდა იგორ ტუდორი, რომელმაც სერია ა-ს გასულ ტურში ტურინის იუვენტუსი დაამარცხა. "ლურჯ-თეთრები" ამჟამად მე-7 პოზიციაზე არიან და მათი მიზანი ევროთასების ზონაში შესვლაა. საინტერესოა, როგორ გაართმევს თავს ამ მისიას ხორვატი დამრიგებელი.
ეს იქნება რიგით 183-ე დედაქალაქური დერბი. ურთიერთშეხვედრების ისტორია ასეთია - 68-ჯერ იმარჯვა რომამ, 51-ჯერ ლაციომ, 63 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. დერბი დელა კაპიტალეს საუკეთესო გოლეადორები 11-11 ბურთით ფრანჩესკო ტოტი და დინო კოსტა არიან. პირველის შესახებ ყველაფერი კარგად ვიცით, მეორე კი 50-იანების მეორე ნახევარში "ჯალოროსიში" ბრწყინავდა.

დანიელე დე როსი (რომას მწვრთნელი): "ზედმეტი საუბარი არ სჭირდება იმას, თუ რა მნიშვნელობის შეხვედრაა ეს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ ფორმაში ხარ, შენ უნდა გახვიდე საომრად და ეს ომი უნდა მოიგო. მოხარული ვარ, რომ ჩემს მოთამაშეებს არც მოტივაცია აკლიათ და არც ამ ყველაფრის ახსნა სჭირდებათ".
იგორ ტუდორი (ლაციოს მწვრთნელი): "მართალია, ლაციოში ცოტა ხნის წინ მოვედი, თუმცა ძალიან კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს რომას წინააღმდეგ თამაში. რა თქმა უნდა, მოსაგებად გავალთ და მოედანზე გავიღებთ ჩვენს მაქსიმუმს, სხვა მიდგომას ჩვენი ქომაგები უბრალოდ არ მიიღებენ. დერბისთვის მზად ვართ".
რომას ბოლო 5 მატჩი: ლეჩე-რომა 0:0, რომა-სასუოლო 1:0, ბრაიტონი-რომა 1:0, ფიორენტინა-რომა 2:2, რომა-ბრაიტონი 4:0;
ლაციოს ბოლო 5 მატჩი: იუვენტუსი-ლაციო 2:0, ლაციო-იუვენტუსი 1:0, ფროსინონე-ლაციო 2:3, ლაციო-უდინეზე 1:2, ბაიერნი-ლაციო 3:0;
სავარაუდო შემადგენლობები:
რომა: სვილარი, ლორენტე, მანჩინი, ჩელიკი, ანხელინო, პარედესი, კრისტანტე, პელეგრინი, ელ შაარავი, დიბალა, ლუკაკუ.
დანაკლისი: აზმუნი, კრისტენსენი, ნდიკა.
ლაციო: მანდასი, რომანიოლი, კასალე, ფუენტესი, მარუშიჩი, გენდუზი, კატალდი, კამადა, ალბერტო, ანდერსონი, იმობილე.
დანაკლისი: პროვედელი, ლაზარი, ძაკანი.
რომა-ლაციო:
სერია ა, 31-ე ტური;
6 აპრილი, 20:00;
რომი, ოლიმპიკო;
მთავარი მსაჯი: მარკო გუიდა.

![[პრევიუ] დედაქალაქური დერბი - ახალი მწვრთნელები, მარადიული მეტოქეობა](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FIlvVMq7OrB6mkgJq3RYZU0H6GHPtoIbc.webp&w=3840&q=75)









