ესეც იმით არის გამოწვეული, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ესპანელები ყველაზე სანახაობრივ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ. მათ ყველაზე მეტი, 11 გოლი, აქვთ გატანილი.
რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, ფრანგები ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდნენ. უშუალოდ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, სტატუსს ამართლებენ და ნახევარფინალში არიან, თუმცა ხარისხი ისეთი არაა, როგორსაც ველოდით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ევროზე ფრანგებს თამაშიდან გოლი არ აქვთ გატანილი. 2 ავტოგოლი გავიდა, ერთხელ კი მბაპემ პენალტი გაიტანა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ფრანგები ესპანეთთან საუკეთესო თამაშის ჩვენებას შეეცდებიან, მათ შემადგენლობაში უამრავი ვარსკვლავია. გულშემატკივარი კილიან მბაპეს გაბრწყინების მოლოდინშია.
ესპანელები ამ მნიშვნელოვან შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდებიან. დისკვალიფიკაციის გამო მატჩს კარვახალი, ტრავმის გამო კი პედრი გამოტოვებს, რომელსაც დანი ოლმო ჩაანაცვლებს.

დე ლა ფუენტე (ესპანეთის მწვრთნელი): "რა თქმა უნდა, მოედანზე კარგი ფეხბურთის საჩვენებლად და მოსაგებად უნდა გავიდეთ, მაგრამ ცოტა პრაგმატულებიც უნდა ვიყოთ, რადგან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. არ ვიცი, რატომ ფიქრობთ, რომ საფრანგეთი ცუდად თამაშობს. მათი თამაშები განვიხილეთ და ამაში ვერ დაგეთანხმებით. თუ გიყვართ ფეხბურთი, საფრანგეთის თამაშების ხილვაც უნდა გიყვარდეთ."
დიდიე დეშამი (საფრანგეთის მწვრთნელი): "ვისთვისაც საფრანგეთის მატჩების ყურება მოსაწყენია, შეუძლიათ სხვა რამეს უყურონ. ნახევარფინალში ვართ და კარგი შანსი გვაქვს, რომ მთელი ქვეყანა ჩვენი წარმატებით გავახაროთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ. წელს ევროპის ჩემპიონატზე ბევრი გოლები არ გადის, რაც ლოგიკურია. ანალოგიურია ჩვენ თამაშებშიც."

ესპანეთის ბოლო 5 მატჩი: ესპანეთი-გერმანია 2:1, ესპანეთი-საქართველო 4:1, ალბანეთი-ესპანეთი 0:1, ესპანეთი-იტალია 1:0, ესპანეთი-ხორვატია 3:0;
საფრანგეთის ბოლო 5 მატჩი: ავსტრია-საფრანგეთი 0:1, ნიდერლანდები-საფრანგეთი 0:0, პოლონეთი-საფრანგეთი 1:1, საფრანგეთი-ბელგია 1:0, საფრანგეთი-პორტუგალია 0:0;
ესპანეთი-საფრანგეთი:
ევროპის ჩემპიონატი, ნახევარფინალი
9 ივლისი, 23:00 (თბილისის დროით)
ალიანს არენა, მიუნხენი
მთავარი მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] დღეს პირველი ფინალისტი გაირკვევა - ესპანეთი საფრანგეთის წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FcLS27cdvxZYO9vX4GfzmsLi6KeA1KCFS.webp&w=3840&q=75)







