ფავორიტად მოიაზრება პარიზი ორი კომპონენტის გამო: უფრო ვარსკვლავური შემადგენლობა და ჩემპიონთა ლიგაზე მიღებული გამოცდილება. ბასკების მხარეს არის ენთუზიაზმი და გუნდურობა, რომლის ხარჯზე ამ კოლექტივმა 1/8 ფინალამდე მიაღწია. ცნობისთვის, "ლურჯ-წითლები" ანოეტას ბინადრებს აქამდე არასდროს შეხვედრიან.
ლუის ენრიკეს გუნდმა მერვედფინალში გასვლამდე ე.წ. "სიკვდილის ჯგუფი" გამოიარა. ფრანგების მოწინააღმდეგეები იყვნენ მილანი, დორტმუნდის ბორუსია და ნიუკასლ იუნაიტედი. შედეგად, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაღწევა პარკ დე პრენსის ბინადრებმა და გერმანელებმა მოახერხეს.

იმანოლ ალგუასილის გუნდს კი მილანის ინტერთან, ლისაბონის ბენფიკასა და რედ ბულ ზალცბურგთან ბრძოლა მოუწია. ცნობისთვის, აღნიშნულ ოთხეულში პირველ ადგილზე, 12 ქულით, სწორედ სოსიედადი გავიდა. ქულების იგივე რაოდენობა მოაგროვა "ნერაძურიმაც", მაგრამ ყველაფერი ბურთების შეფარდების ფაქტორმა გადაწყვიტა.
რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, ლიგა 1-ში ჩატარებული 21 ტურის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენი, 50 ქულით, პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს, ნიცას 11 ქულით უსწრებს. მოკლედ, საფრანგეთის პირველობაზე ჩემპიონობის ბედი პრაქტიკულად გარკვეულია. რაც შეეხებათ სან-სებასტიანელებს: 37-ქულა, მე-7 პოზიცია.
ბასკებს ლა ლიგაში ოთხეულამდე 11 ქულა აშორებთ, ევროპა ლიგის ზონამდე კი - 9 ქულა. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ისინი იბრძოლებენ ბოლომდე, როგორც შიდა პირველობაზე, ისე ევროთასებზეც, თუნდაც მეტოქე ვარსკვლავური პსჟ იყოს. "თეთრ-ლურჯებს", თავიანთი ისტორიის მანძილზე, რანგით უფრო ძლიერი ოპონენტებისთვის სიურპრიზები არაერთხელ შეუთავაზებიათ.

ლუის ენრიკე (პსჟ-ს მწვრთნელი): "ყველაფერი მარტივია - ბურთი რაც შეიძლება მალე უნდა წავართვათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეალ სოსიედადი, როგორც მეტოქე, საჩუქარი ნამდვილად არ არის. პსჟ ფავორიტია? - ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები კატეგორიულად, რადგან ეს სტატუსი მოედანზე იქნება დასამტკიცებელი".
იმანოლ ალგუასილი (სოსიედადის მწვრთნელი): "ძალიან ამაღელვებელია ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში. პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია. წარმოიდგინეთ, როგორი ბომბი იქნება ტურნირიდან პსჟ-ს გამოგდება. სოსიედადის დამარცხება ვერ შეძლო ინტერმა, იქნებ, იგივე მოხდეს პარიზთანაც, რატომაც არა?!"
პსჟ-ს ბოლო 5 მატჩი: პსჟ-ლილი 3:1, პსჟ-ბრესტი 3:1, სტრასბურგი-პსჟ 1:2, პსჟ-ბრესტი 2:2, ორლეანსი-პსჟ 1:4;
სოსიედადის ბოლო 5 მატჩი: სოსიედადი-ოსასუნა 0:1, მალიორკა-სოსიედადი 0:0, ჟირონა-სოსიედადი 0:0, სოსიედადი-რაიო 0:0, სელტა-სოსიედადი 1:2;
პსჟ-სოსიედადი
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი;
პარკ დე პრენსი, პარიზი;
მთავარი მსაჯი: მარკო გუიდა (იტალია);
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: დონარუმა, მარკინიოსი, პერეირა, ლუკასი, ჰაკიმი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ლი, დემბელე, ასენსიო, მბაპე.
დანაკლისი: შკრინიარი, კიმპემბე.
სოსიედადი: რემირო, ნორმანდი, ზუბელდია, ტრაორე, გალანი, ზუბიმენდი, მერინო, მენდესი, ბარენეჩეა, კუბო, სადიქი.
დანაკლისი: ოდრიოსოლა, ტირნი, ბეკერი, ელისტონდო, მერკელანსი, ფერნანდესი, მუნიოსი.

![[პრევიუ] ლიგის მოგების მორიგი მცდელობა პარიზელებისგან, ამჯერად ენრიკესთან ერთად](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F7X8ojIXI8VmwtnkvX73wm7xObx0kX57F.webp&w=3840&q=75)







