იტალიის პირველობის დასრულებამდე დარჩენილია 16 ტური. ცხადია, ჩემპიონობაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა ამ სეზონზე არსებული შედეგებისა და გარემოებების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, სკუდეტოს "ნერაძური" დაესაკუთრება - "ბებერი ქალბატონიდან" ერთ-ერთი და არა რომელიმე სხვა გუნდი.
მივყვეთ თანმიმდევრობით, "შავ-ლურჯები" საოცარ ფორმაში არიან და უახლოეს მდევარს, "ბიანკონერის" უსწრებენ ერთი ქულით (54 : 53), თანაც მათ ერთი შეხვედრა ჯერ კიდევ წინ აქვთ. მეაცას ბინადრებმა ამ სეზონზე მოიგეს ყველაზე მეტი მატჩი (17), ბერგამოს ატალანტასთან ერთად ითამაშეს ყველაზე ნაკლები ფრე (3), მაქს ალეგრის გუნდთან ერთად კი ყველაზე ნაკლები წაგება აქვთ (1).
სიმონე ინძაგის კოლექტივის ბურთების შეფარდება კი ცალკე განსახილველი თემაა - 50 გატანილი გოლი, რაც საუკეთესო შედეგია და მხოლოდ 10 გაშვებული, რაც ასევე საუკეთესოა. სტუმრები ვერ დაიკვეხნიან მსგავსი სტატისტიკით, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ გუნდი, რომელსაც ინტერის ტემპის დაგდება შეუძლია, სწორედ იუვე არის.
მილანური გუნდის არაკეთილმოსურნეები ფიქრობენ, რომ ადრე თუ გვიან, წარმატებული სვლა შეჩერდება. თითქოს, "ნერაძური" გადაიღლება, გადაიწვება, დაისადგურებს ტრავმების ეპიდემია და აირევა სიტუაცია. სწორედ ამ დროს გამოვლენ ასპარეზზე ტურინელები, რომლებიც თავიანთ საქმეს შეასრულებენ ჩუმად, მშვიდად და ცივსისხლიანად. ისე, თითქოს მეტსახელი "გველები" შეეფერება "ბებერ ქალბატონს" და არა "ნერაძურის".
ვნახოთ, რა მოხდება. შესაძლოა, ვიხილოთ "შავ-ლურჯების" ტრიუმფალური სვლის გაგრძელება ან იქნებ, სწორედ ეს არის "ბიანკონერის" სცენაზე გამოსვლის მომენტი. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, იტალიური დერბი გულგრილს არავის დატოვებს.
სიმონე ინძაგი (ინტერის მწვრთნელი): "იუვენტუსის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა არა - გადამწყვეტი. ძალიან რთულ და ტაქტიკურად გადატვირთულ მატჩს ველი. მეტოქე საკმაოდ ძლიერია და ამაზე მათი შედეგები მეტყველებს. ცხადია, მოედანზე გავიღებთ მაქსიმუმს, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია".
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "არის თუ არა მსგავსება სინერი - ჯოკოვიჩის მატჩსა და სერია ა-ს მიმდინარე სეზონის სასკუდეტო დუელს შორის? პარალელს გავავლებ. იმის გათვალისწინებით, რომ იუვე დაკომპლექტებულია ახალგაზრდა მოთამაშეებით, ჩვენ ვართ იანიკი, ინტერი კი ნოვაკი იყოს. იმედია, მათ არ ეწყინებათ".
ინტერის ბოლო 5 მატჩი: ფიორენტინა - ინტერი 0:1, მონცა - ინტერი 1:5, ინტერი - ვერონა 2:1, ჯენოა - ინტერი 1:1, ინტერი - ლეჩე 2:0.
იუვენტუსის ბოლო 5 მატჩი: იუვენტუსი - ემპოლი 1:1, ლეჩე - იუვენტუსი 0:3, იუვენტუსი - სასუოლო 3:0, სალერნიტანა - იუვენტუსი 1:2, იუვენტუსი -რომა 1:0.
ურთიერთშეხვედრების ისტორია: 237 მატჩი - ინტერი 69 მოგება, იუვენტუსი 109 მოგება, ფრე 59. ბურთების შეფარდება - ინტერი 287 გოლი, იუვენტუსი 346 გოლი. ბოლო 5 მატჩი: იუვენტუსი - ინტერი 1:1, ინტერი - იუვენტუსი 1:0, იუვენტუსი - ინტერი 1:1, ინტერი - იუვენტუსი 0:1, იუვენტუსი - ინტერი 2:0.
ინტერის სავარაუდო შემადგენლობა: ზომერი, აჩერბი, პავარი, ბასტონი, დარმიანი, დიმარკო, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, ტურამი, ლაუტარო.
დანაკლისი: კუადრადო.
იუვენტუსის სავარაუდო შემადგენლობა: შესნი, დანილო, ბრემერი, გატი, კამბიაზო, მაკენი, ლოკატელი, რაბიო, კოსტიჩი, ილდიზი, ვლაჰოვიჩი.
დანაკლისი: პოგბა, მილიკი, კინი, ფაჯოლი.

![[პრევიუ] სერია ა-ს 23-ე ტურის და შესაძლოა მთელი სეზონის ცენტრალური მატჩი: ინტერი-იუვენტუსი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FdIhNHv7hiMreJCYk80f0wiQ10mkPU2Go.webp&w=3840&q=75)







