"ვიცი, თუ რას ითხოვს ჩემგან რეალი. აქ მთავარია ტიტულების მოპოვება და მე ეს მიდგომა მომწონს. ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ მადრიდული კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ", - აცხადებდა ტონი კროოსი 2014 წლის ზაფხულში, როდესაც მიუნხენის ბაიერნიდან ახალ გუნდში გადადიოდა.
იმის შემდეგ 10 წელი გავიდა - გერმანელმა ნახევარმცველმა "სამეფო კლუბთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგის ოთხი თასი, თანაც ისე რომ მის გარეშე ეს ყველაფერი, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იქნებოდა. უდავოდ, "ბლანკოსის" შუახაზელი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რასაც "რეკორდმაისტერის" შემთხვევაში ვერ ვიტყოდით, მათ ფეხბურთელის შესაძლებლობები სათანადოდ არ დააფასეს.
არსებობს მოსაზრება, რომ ფლორენტინო პერესის კლუბის ნახევარმცველმა მშობლიური ბავარია ფულზე გაცვალა, თუმცა ეს სიცრუეა. გავიხსენოთ, თუ რა გარემოებებმა აიძულა 34 წლის შუახაზელს თავის დროზე ალიანც არენას დატოვება. მისი კარიერის დასაწყისში რთულად წარმოსადგენი იყო, რომ ბუნდესლიგის მთავარი გრანდი თავისი აღზრდილის სხვა კლუბში გადასვლას დაუშვებდა.

რეალის მერვე ნომერი 17 წლის იყო, როდესაც ბაიერნის მთავარ გუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. თავდაპირველად მას უფრთხილდებოდნენ. ლევერკუზენის ბაიერში იჯარით გაშვებაც იმას ემსახურებოდა, რომ ნიჭიერ შუახაზელს სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა. მიუნხენელები გერმანელ ჰავბეკში მომავალ ლიდერსა და კაპიტანს ხედავდნენ.
ტონი უნდა გამხდარიყო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მთელ თავის კარიერას სწორედ "რეკორდმაისტერს" შესწირავდა. ბუნდესლიგის მთავარ ფლანგმანში უყვართ, როდესაც მოწინავე პოზიციებზე კლუბის აღზრდილები არიან. "ფარმაცევტებიდან" დაბრუნების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ბავარიული გუნდის აღზრდილი დიდი ფეხბურთისთვის უკვე მზად იყო.
ბაიერნის 39-ე ნომრის დამუშავება პირველმა ლუი ვან გაალმა დაიწყო, თუმცა ის ახალგაზრდა ნახევარმცველს სხვადასხვა პოზიციაზე იყენებდა, რითაც სათანადოდ ვერ ავითარებდა მის უსაზღვრო პოტენციალს. მოგვიანებით, ნიდერლანდელი დამრიგებლის ადგილზე იუპ ჰაინკესი დაბრუნდა, რომლის ხელმძღვანელობითაც კროოსი იჯარით "შავ-წითლებში" თამაშობდა.

სწორედ გერმანელმა მწვრთნელმა აათამაშა თანამემამულე ნახევარმცველი, თუმცა ახალგაზრდა ჰავბეკის სრულფასოვნად გახსნა ვერც მან მოახერხა. საქმე ისაა, რომ მიუნხენელთა იმდროინდელი დამრიგებელი ტონის ათამაშებდა შემტევ პოზიციაზე, ფორვარდისა და ვინგერების უკან. ის უმკლავდებოდა დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა შესრულების მხრივ, მის თამაშში ჯადოქრობა არ ჩანდა.
"რეკორდმაისტერის" ნახევარმცველის სრული ტრანსფორმაცია კი ხოსეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ დაიწყო, როდესაც ახალმა სპეციალისტმა მას პოზიცია შეუცვალა. ესპანელმა ტაქტიკოსმა ბავარიელთა 39-ე ნომერი ჩამოწია სიღრმეში, რის შედეგადაც ის იქცა ჩამშლელისა და ფლეიმეიქერის ერთგვარ შემაკავშირებელ წერტილად.
ალიანც არენაზე მომუშავე იმდროინდელმა მწვრთნელმა კროოსის შესაძლებლობებში აღმოაჩინა ორი რამ - თამაშის იდეალური კონტროლი და ბურთის ასევე სრულყოფილად განაწილება. საიდუმლო არ არის, რომ 53 წლის ტაქტიკოსი ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ შუახაზს უთმობს, მის იმდროინდელ გუნდში კი მოედნის ამ შუალედში მთავარი როლი სწორედ გერმანელ ჰავბეკს ეკავა.

გვარდიოლა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ტონის გაშვებას, თუმცა მოგვიანებით, საქმეში ბაიერნის ხელმძღვანელობა ჩაერთო. საქმე ისაა, რომ მიუნხენელთა შუახაზელის პროტესტს იწვევდა მისი ხელფასი, რომელიც ბევრად დაბალი იყო, ვიდრე კლუბის იმდროინდელი ახალწვეულის, მარიო გიოტცეს ანაზღაურება.
"რეკორდმაისტერის" 39-ე ნომერი ითხოვდა წელიწადში 10 მილიონზე მეტს, კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი ახალგაზრდა ნახევარმცველს შეუთვალა, რომ მისი სათამაშო დონე ასეთ მაღალ ხელფასს არ შეესაბამებოდა. კროოსმა ბავარიელების მხრიდან დაუფასებლობა იგრძნო, რის შედეგადაც მან 2014 წლის მუნდიალის მსვლელობისასვე განუცხადა მადრიდელებს თანხმობა.
"კროოსმა იცოდა საკუთარი თავის ფასი. მისთვის უსამართლობა იყო გიოტცეს ანაზღაურების ფონზე ასეთი დაბალი ხელფასის ქონა. როდესაც მან მოითხოვა მეტი, რუმენიგემ თავდაცვის მიზნით ეჭვქვეშ ტონის თამაშის დონე დააყენა. აქ მთავარი არის არა ფული, არამედ დამოკიდებულება. მას არ სურდა უსამართლობის ატანა", - იხსენებს შტეფან რაინარცი, გერმანელი შუახაზელის მეგობარი და ლევერკუზენის ყოფილი უკანახაზელი.

გვარდიოლას გუნდის ნახევარმცველს კონტრაქტი 2015 წელს ეწურებოდა და იმის გათვალისწინებით, რომ ერთი სეზონის შემდეგ, ის თავისუფალი აგენტი ხდებოდა, მისი სატრანსფერო ფასი უკვე დაბალი იყო. "სამეფო კლუბს" ბაიერნის 39-ე ნომერი სულ რაღაც 25 მილიონი დაუჯდა - სასაცილო თანხა, იმის ფონზე, თუ რამხელა სარგებელი მოუტანა გუნდს ამ ტრანსფერმა.
გიოტცემ ახალ გუნდში ვერ ითამაშა და მიუნხენში გატარებული სამი წლის შემდეგ, დიდ ფეხბურთს ის პრაქტიკულად ჩამოშორდა. კროოსის "რეკორდმაისტერის" შემდგომ წარმატებებზე საუბარი კი ძალიან შორს წაგვიყვანს. ვეცდებით დავახასიათოდ მოკლედ, თუ როგორი ეპოქალური მოთამაშე დაკარგეს ბავარიაში.
"ბლანკოსში" გატარებული 10 წლის განმავლობაში გერმანელი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის თასს ოთხჯერ დაეუფლა და მიმდინარე სეზონის ბოლოს მას კიდევ ერთი ფინალი ელის. ტონიმ ლუკა მოდრიჩთან ერთად შუახაზში შექმნა ეპოქალური დუეტი, რომელმაც ყველას და ყველაფერს გაუძლო, ასევე ყველაფერი მოიგო.

სანტიაგო ბერნაბეუზე მოთამაშე ნახევარმცველს ასაკის მატებასთან ერთად, ემატება თამაშის კლასიც, იმ დონეზე, რომ მას მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გერმანიის ეროვნულ გუნდში დაბრუნება სთხოვეს. ის, თუ რამხელა ძალაა რეალის მე-8 ნომერი, ალიანც არენას ბინადრებმა გამოსცადეს საკუთარ ტყავზე, თანაც არაერთხელ.
მადრიდულ გუნდში გადასვლის შემდეგ, 34 წლის ნახევარმცველმა ბაიერნი ჩემპიონთა ლიგიდან სამჯერ გამოაგდო. პერესმა მისი ტრანსფერის სულ რაღაც 25 მილიონად დახურვას უწოდა საუკუნის გარიგება, მიუნხენში კი თავიანთი აღზრდილის გაშვებას დღემდე ნანობენ და უნდა ითქვას, სრულიად დამსახურებულადაც.
როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე სეზონის ბოლოს, კროოსს ელის კიდევ ერთი, ამჯერად კარიერაში უკანასკნელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მისი ბოლო ცეკვა კი შედგება ევრო 2024-ზე, რომლის დასრულების შემდეგაც, ის კარიერას დაასრულებს. "რეკორდმაისტერში" ჰქონდათ იმედი, რომ ადრე თუ გვიან, გერმანელი შუახაზელი დაბრუნდებოდა მშობლიურ კლუბში, მაგრამ ვეტერანი ჰავბეკის გენიალური საფეხბურთო გზა "სამეფო კლუბში" დასრულდება.












