La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
28-ე ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 2 მაისს, 16:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ 28-ე ტურის წინ?
კომო vs ნაპოლი | 2 მაისი, 20:00 საათი
სერია A-ს 35-ე ტურის ცენტრალური მატჩი კომოში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი ნაპოლის უმასპინძლებს. ორივე გუნდისთვის ამ მატჩს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან როგორც ერთი, ისე მეორეც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩართული.
კომო ამ შეხვედრას არც ისე კარგ ფორმაში ხვდება - სესკ ფაბრეგასის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა, ხოლო რაც შეეხება ნაპოლის, ანტონიო კონტეს გუნდი შედარებით კარგად გამოიყურება და ბოლო 5 დაპირისპირებიდან 3-ჯერ იმარჯვა.
პირველი წრის დაპირისპირება ფრედ, 0-0 დასრულდა, თუმცა გამარჯვებასთან უფრო ახლოს კომო იყო. მატჩს ყველაზე რეალური მომენტი ალვარო მორატას ჰქონდა, რომელმაც პირველ ტაიმში პენალტის გამოყენება ვერ შეძლო.
გუნდები შაბათს გასამართ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებიან. კომოს განაცხადში ადაი, რობერტო და ვიოვოდა ვერ მოხვდებიან, ხოლო ანტონიო კონტეს განკარგულებაში ნერესი, დი ლორენცო და ვარგარა არ იქნებიან.
კომოს სავარაუდო შემაგდენლობა (4-2-3-1): ბუტე, სმოლჩიჩი, რამონი, კარლოსი, ვალე, პერონე, და კუნია, დიაო, პასი, ბატურინა, დუვიკასი;
ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა (3-4-2-1): სავიჩი, ბეუკემა, რაჰმანი, ბონჯორნო, პოლიტანო, ლობოტკა, მაკტომინეი, გუტიერესი, დე ბრუინი, სანტოსი, ჰოილუნი;
კომო და ნაპოლი ისტორიაში სულ 36-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც უფრო მეტი, კერძოდ 21 "პარტენოპეიმ" მოიგო, ხოლო "I Lariani"-მ მეტოქეს 7-ჯერ აჯობა. რედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 8 ითვლის.
სესკ ფაბრეგასის გუნდი ამ პრინციპულ დაპირისპირებას 61 ქულით ხვდება, ხოლო ნაპოლის 69 ქულა აქვს. ჩვენი ვარაუდია, რომ მაყურებელი ბევრ გატანილ გოლს იხილავს, ფავორიტის დასახელება კი გაგვიჭირდება, რადგან ვფიქრობთ შანსები 50/50-ზეა.
მანჩესტერ იუნაიტედი vs ლივერპული | 3 მაისი, 18:30 საათი
პრემიერ ლიგის 35-ე ტურში ოლდ ტრაფორდი ინგლისურ კლასიკას უმასპინძლებს - მაყურებელს არც მეტი, არც ნაკლები "წითლების" დაპირისპირება ელოდება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს.
ისტორიული დაპირისპირება, რომ გვერდზე გადავდოთ, ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგის საგზურის ამბავსაც გადაწყვეტს, რადგან კერიკის გუნდი მე-3 პოზიციაზეა, სლოტის შეგრიდები კი მე-4 ადგილს იკავებენ. მანჩესტერ იუნაიტედი ამ ტურს 61 ქულით ხვდება, ლივერპული კი 58 ქულით.
გუნდები თითქმის თანაბარ პირობებში ხვდებიან ამ შეხვედრას. როგორც მანჩესტერმა, ისე ლივერპულმაც ბოლო 5 მატჩიდან 3 მატჩის მოგება მოახერხა.
პირველი წრის მატჩი საკმაოდ დრამატული და სანახაობრივი გამოდგა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს, მანჩესტერ იუნაიტედს დარჩა, 1-2. იმ შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი ჰარი მაგუაიერმა 84-ე წუთზე გაიტანა.
ახლა კი რაც შეეხება კვირას გასამართ დაპირისპირებას, მაიკლ კერიკის განკარგულებაში ლისანდრო მარტინესი არ იქნება, მატაის დე ლიხტისა და მატეუს კუნიას საკითხი კი მატჩის დღეს გადაწყდება. დანაკლისით იქნება წარმოდგენილი ლივერპულიც, რომლის სამატჩო განაცხადშიც გიორგი მამარდაშვილი, კონორ ბრედლი მოჰამედ სალაჰი, უგო ეკიტიკე, ვატარუ ენდო და ჯოვანი ლეონი არ იქნებიან. ალისონ ბეკერი დიდი ალბათობით დაბრუნებას მოასწრებს და ოლდ ტრაფორდზე თამაშს შეძლებს.
მანჩესტერ იუნაიტედის სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლამენსი, დალო, მაგუაიერი, ჰევენი, შო/მაზრაუი, კაზემირო, მეინუ, მბიუმო, ფერნანდეში, კუნია, შეშკო;
ლივერპულის სავარაუდო შემაგდენლობა (4-3-3): ალისონი, ჯოუნსი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი, სობოსლაი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, ფრიმპონგი, გაკპო, ისაკი;
მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის ისტორიული დაპირისპირება 207 მატჩს ითვლის, საიდანაც "წითელმა ეშმაკებმა" 81-ჯერ აჯობეს საკუთარ მეტოქეს, ხოლო მერსისაიდელებმა 67 გამარჯვება მოიპოვეს. გუნდები სულ 59-ჯერ დაზავდნენ.
იმის გათვალისწინებით, რომ სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს, ვფიქრობთ შანსები 50/50-ზეა და გუნდები ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ. ჩვენი ვარაუდია, რომ მაყურებელი ბევრ გატანილ გოლსა და ძალიან დაძაბულ დაპირისპირებას იხილავს.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.









