ჟოზე მოურინიოსა და რომას გზების გაყრის შემდეგ, მწვრთნელი ყოფილ გუნდს თავის სტილში, პროვოკაციულად დაემშვიდობა. პორტუგალიელმა კლუბის გასახდელში თავისი კონფერენს ლიგის ბეჭედი დატოვა. შეგახსენებთ, რომ "ჯალოროსიმ" სპეციალისტი 7 მატჩში განცდილი 4 წაგების გამო გაათავისუფლა.
კულმინაცია მოხდა კოპა იტალიაზე, სადაც "მგლები" მეზობელ ლაციოსთან დამარცხდნენ. ევროპულ პრესაში ტრიალებს მოსაზრება, თითქოს რომას ყოფილმა დამრიგებელმა ამ ჟესტით კლუბი უმადურობაში დაადანაშაულა ( როგორც მოთამაშეები, ისე ხელმძღვანელობა). თავად სპეციალისტს კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის ფინალში როტერდამის ფეიენორდის დამარცხების შემდეგ, "ჯალოროსიმ" 14 წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოიგო. რაც შეეხება ბეჭედს, ის ლორენცო პელეგრინის უჯრაში აღმოჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად იქნება 61 წლის დამრიგებლის შემდეგი გაჩერება, "მგლები" კი დანიელე დე როსიმ ჩაიბარა.









