საქართველოს ნაკრებისა და მეცის შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა კლუბის ოფიციალურ გვერდს საინტერესო ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ისაუბრა.
ისრაელში დაიბადე, ქართველი მშობლების ოჯახში. რა მოგონებები გაქვს და როგორი იყო შენი ბავშვობა?
"იმ დროს მამაჩემი ფეხბურთელი იყო, ის ისრაელის კლუბში თამაშობდა: ჰაპოელ რიშონ ლეციონში. როდესაც 2 წლის ვიყავი, მამაჩემმა ეს გუნდი დატოვა, ამიტომ ისრაელთან ბევრი მოგონება არ მაქვს. შემდეგ კვიპროსზე გადავედით, სადაც 10 წელი ვიცხოვრეთ. მახსოვს, იქ ფეხბურთის თამაში დავიწყე. კარგი დრო იყო, გართობის გარდა არაფერზე ვფიქრობდი."
როგორ შეგიყვარდა ფეხბურთი?
"საკმაოდ მშვიდი ბავშვი ვიყავი, ყოველთვის ვუსმენდი მშობლებს და ჩემს თავში მხოლოდ ფეხბურთი იყო, სხვა არაფერს ვთამაშობდი! ამავდროულად, ფეხბურთელების ოჯახში დავიბადე, პატარა ასაკიდან დავდიოდი მატჩების სანახავად და თამაში სამი წლის ასაკში დავიწყე. ჩვენ არ ვუყურებდით „სპანჯბობს“ და სხვა მულტფილმებს, ტელევიზიით მხოლოდ ერთი გადაცემა იყო. მამაჩემი ძალიან პატიოსანი ადამიანია და ყოველთვის მეუბნებოდა: კარგ ფეხბურთელობამდე კარგი კაცი იყავიო. ის ყველას პატივს სცემდა და მეც ვცდილობ იგივე გავაკეთო. ჩემი მშობლები დღემდე საქართველოში ცხოვრობენ."
12 წლის ასაკში კიევის დინამო აკადემიაში ჩაირიცხეთ. მოგვიყევი უკრაინაში შენი ჩასვლის შესახებ...
"იმ დროს კიევის დინამო აკადემიას ახალგაზრდების განვითარების მხრივ ძალიან კარგი სახელი ჰქონდა უკრაინული ფეხბურთი ფიზიკურად ძლიერია, მე კი პატარა და სუსტი ვიყავი. უკრაინაში წასვლა ნამდვილად დამეხმარებოდა წინსვლაში, გაძლიერებაში და ტექნიკის შენარჩუნებაში. ეს ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა. ამიტომ, მარტო წამოვედი, ჩემი მშობლები და ორი უმცროსი და კვიპროსში დარჩნენ. მე მხოლოდ 12 წლის ვიყავი, სავარჯიშო ბაზაზე მეძინა. ეს ადვილი პერიოდი არ იყო; ძალიან ახალგაზრდა ჩავედი უცნობ ქვეყანაში, შორს ჩემი საყვარელი ადამიანებისგან. სკოლაში დავდიოდი და ნათქვამიდან ერთი სიტყვაც არ მესმოდა. მაგრამ მხოლოდ ერთი ოცნება მქონდა: პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ასე რომ, გავძელი და ამ პერიოდმა საკმაოდ განმავითარა.უკრაინაში ჩასვლამდე ორი თვე ესპანეთში, „ლა მასიაში“, ბარსელონას საწვრთნელ ცენტრში გავატარე. ოცნება ამიხდა, დიდი გუნდის რამდენიმე მატჩი ვნახე, ვვარჯიშობდი და მათ ჩემი დატოვება სურდათ. სამწუხაროდ, ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო თავგადასავალი სწრაფად დასრულდა. მთელი ოჯახის ესპანეთში გადაყვანა ძალიან რთული იყო."
შენი დებიუტი კიევში 17 წლის ასაკში შედგა, შემდეგ უკრაინასთან ერთად 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე.
"მეორე ან მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავი, რომელმაც კიევის დინამოში ითამაშა. უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს; ვისწავლე ენა და ეროვნული ნაკრების ყველა ასაკობრივი გავიარე, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება წარმოუდგენელი იყო. სწორედ იქ გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც ნახევრად უკრაინელია. როდესაც ომი დაიწყო, საშინელება იყო... ისეთი ქვეყნის დატოვება, სადაც თავს სახლში გრძნობ, რთულია. იქ ჯერ კიდევ რამდენიმე მეგობარი ცხოვრობს და სიტუაცია იდეალურისგან შორს არის. იმედი მაქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდება."
საქართველოში დასახლებამდე უკრაინიდან პოლონეთში გაემგზავრე, სადაც ძალიან ცოტას თამაშობდი. როგორ გადალახე ეს ცვლილება შესნს ცხოვრბაში?
"მე ქართველი ვარ, მაგრამ მანამდე საქართველოში არასდროს მიცხოვრია. ადვილი არ იყო; ახალ ჩვევებს ვპოულობდი. ჩემი ქვეყნისთვის ჩემი ღირებულება უნდა დამემტკიცებინა. იმ დროს დავკარგე ის თავდაჯერებულობა, რაც ჩვეულებრივ მამოძრავებდა. სწორედ ჩემმა აგენტმა, რომელიც მამაჩემის აგენტი იყო და ჩემთვის მეორე მამასავითაა, დამარწმუნა იქ გადასვლაში. უზომოდ მადლიერი ვარ. ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო; ამ ცუდი პერიოდიდან გამოვედი. თავდაჯერებულობა იქ მყოფი ადამიანების სიკეთის წყალობით დავიბრუნე. მათ უბრალოდ ჩემი წარმატების ნახვა სურდათ. გასული სეზონი გრანადას რიგებში ჩავატარე."
ანუ საქართველოსთან არჩევა ბუნებრივი არჩევანი იყო?
"დიახ, დიდი ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება. ვიცოდი, რომ თუ უკრაინასთან ერთად ერთ ოფიციალურ მატჩს ვითამაშებდი, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დავემშვიდობებოდი. ეს ჩემი ბაბუის ოცნება იყო, მაგრასმ სამწუხაროდ, მან ჩემი ვერც ერთი მატჩი ვერ ნახა. გამიმართლა და ევრო 2024-ზე ვითამაშე ვილი სანიოლთან ერთად, რომელმაც იცოდა, როგორ გამოეჩინა ყველაში საუკეთესო და შეექმნა ნამდვილი გუნდი. შესანიშნავი მატჩები გვქონდა, მაგრამ კიდევ შეგვიძლია უკეთესად თამაში. ახლა ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატია."
როგორი ურთიერთობა გაქვთ გიორგი აბუაშვილთან?
"სანამ მეცში გადავიდოდა, მამაჩემის გუნდში თამაშობდა. აქ ჩამოსვლამდე მას ნამდვილად არ ვიცნობდი, მაგრამ მამაჩემმა უკვე მითხრა მისი თვისებების შესახებ, ის გუნდში საუკეთესო მოთამაშე იყო. გუნდში ორი ქართველის ყოლა შესანიშნავია, მაგრამ სამი თუა შეიძლება გართულდეს (იცინის). მე მას რჩევებს ვაძლევ, რათა ადაპტაცია კარგად გაიაროს. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ცხოვრებაში უკვე დიდი გამოცდილება მაქვს."









