ტოდ ბოულის ლონდონის ჩელსიში მისვლის შემდეგ, კლუბმა უკვე ექვსი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა. თითოეული მათგანის გადმობირება და დათხოვნა "არისტოკრატებს" ათობით მილიონი დაუჯდათ. ამერიკელი ბიზნესმენის მმართველობას პირველი შეეწირა ტომას ტუხელი, რომელმაც სტემფორდ ბრიჯის მკვიდრებისგან კომპენსაციის სახით 13 მილიონი ფუნტი მიიღო.
გერმანელი მწვრთნელის ნაცვლად დაინიშნა გრემ პოტერი, ვისი შენახვაც ბოულის კლუბს ყველაზე ძვირი დაუჯდა. თავად განსაჯეთ - 21 მილიონი ფუნტი სტერლინგი ბრაიტონს, ინგლისელი თავკაცის ხელშეკრულების გამოსყიდვისთვის, შემდეგ კი 13 მილიონი მისი გაშვებისთვის. ჩელსიმ თავის ექს-დამრიგებელზე ჯამში 34 მილიონი ფუნტი დახარჯა.
50 წლის მწვრთნელის მემკვიდრე აღმოჩნდა მაურისიო პოჩეტინო და ის ერთადერთი თავკაცია, ვისი კონტრაქტის სანაცვლოდაც ლონდონურ კლუბს ფული არ გადაუხდია. არგენტინელმა დამრიგებელმა "არისტოკრატებთან" ხელშეკრულება გააფორმა 1+1-ის სისტემით და 1 წლის შემდეგ, მხარეებმა თანამშომლობის გაგრძელებაზე უარი თქვეს.
სტემფორდ ბრიჯზე ახალი ერა მოგვიანებით დაიწყო ენცო მარესკამ, ვისი არსებული კონტრაქტიც ლესტერ სიტისთან კლუბმა 10 მილიონ გირვანქად გამოისყიდა. დღემდე უცნობია, თუ რა თანხა მიიღო იტალიელმა სპეციალისტმა გაშვების შემდეგ. ბრიტანულ პრესაში 4.5-დან - 14 მილიონ ფუნტამდე იწერება.
ბოლოს კი ლიამ როსენიორი, ვის სანაცვლოდაც ბოულიმ სტრასბურგს გადაუხადა 2.5 გირვანქა სტერლინგი, მისი გათავისუფლება კი 11 მილიონი დაჯდა. ჩელსის არ გადაუხდია კომპენსაცია ფრენკ ლამპარდისთვის, რომელიც პოტერის გაშვების შემდეგ, დროებითი დამრიგებელი იყო.
როგორც ვხედავთ, ამერიკელი ბიზნესმენის მისვლის მომენტიდან, ლონდონურმა გუნდმა სხვადასხვა მწვრთნელების კონტრაქტების გამოსყიდვასა და გაწყვეტაში საერთო ჯამში 70+ მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა. ვნახოთ, ვინ იქნება "არისტოკრატთა" შემდეგი თავკაცი.









