კალიარის კარის აღების შემდეგ, რომის ლაციოს კაპიტანს, ჩირო იმობილეს, სერია ა-ში 200 გოლი დაუგროვდა. საამისოდ მას იტალიის ჩემპიონატში 341 მატჩის ჩატარება დასჭირდა. იტალიელი ფორვარდი კალჩოს ყველა დროის საუკეთესო გოლეადორთა სიაში ამ დროისთვის მე-8 პოზიციას იკავებს. ვინ არის რეკორდსმენი?
პირველ ადგილზე არის "ბიანკოჩელესტეს" კიდევ ერთი გამორჩეული ბომბარდირი, სილვიო პიოლა, რომლის ანგარიშზე სერია ა-ში 274 გოლია. როგორც ვხედავთ, "არწივების" ამჟამინდელ ლიდერს ახალ რეკორდამდე 75 ბურთი აშორებს. მე-2 პოზიციაზე ფრანჩესკო ტოტია (250 ბურთი), მე-3 პოზიციას კი გუნარ ნორდალი იკავებს (225 ბურთი).
შეგახსენებთ, რომ 33 წლის თავდამსხმელი სტადიო ოლიმპიკოზე 2016 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში ის სერია ა-ს საუკეთესო გოლეადორი 3-ჯერ გახდა. ლაციოს მე-17 ნომერმა 2019-20 წლების სეზონის ბოლოს ევროპის ოქროს ბუციც კი მიიღო. რაც შეეხება კალჩოს გოლეადორთა სიას, 10-ეული ასეთია:
1. სილვიო პიოლა - 274 გოლი
2. ფრანჩესკო ტოტი - 250 გოლი
3. გუნარ ნორდალი - 225 გოლი
4. ჯუზეპე მეაცა - 216 გოლი
5. ჟოზე ალტაფინი - 216 გოლი
6. ანტონიო დი ნატალე - 209 გოლი
7. რობერტო ბაჯო - 205 გოლი
8. ჩირო იმობილე - 200 გოლი
9. კურტ ჰამრინი - 190 გოლი
10. ჯუზეპე სინიორი - 188 გოლი









