ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, რაც ერთგვარი შეჯამების საშუალებას გვაძლევს. პრემიერ ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გამოდგა დომინიკ სოლანკეს გადასვლა ბორნმუთიდან ტოტენჰემში, 64.30 მილიონ ევროდ. ყველაზე პერსპექტიულ და მომგებიან ტრანსფერად კი ნისლიან ალბიონზე გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლას ასახელებენ.
რაში მდგომარეობს ქართველი მეკარის "მომგებიანობა"? დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანით - სატრანსფერო ღირებულება. მისი გადმოსვლა მერსისაიდელებს დაუჯდათ 30 მილიონი ევრო, რაც თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტებით არც ისე ბევრია. მაგალითისთვის მოვიყვანოთ კეპა არისაბალაგას, ანდრე ონანასა და იასპერ სილესენის ტრანსფერები.
ესპანელ მეკარეში გადახდილია 80 მილიონი ევრო, კამერუნელში 51 მილიონი, ნიდერლანდელში კი 35. ვალენსიას გოლკიპერი დღეს თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, Transfermarkt-ი კი ყველაზე ძვირადღირებულ კარის დარაჯებს შორის 1-ელ პოზიციაზე აყენებს. 23 წლის კიპერი 45 მილიონად არის შეფასებული.
როგორც ვხედავთ, მერსისაიდელებმა "ღამურების" 25-ე ნომერში მის ადეკვატურ ფასზე ბევრად უფრო ცოტა გადაიხადეს. პრემიერ ლიგაში გადმოდის მომავლის კარის დარაჯი, თანაც სულ რაღაც 30 მილიონად. მე-2 ფაქტი, თუ რატომ ითვლება მამარდაშვილის ტრანსფერი "მომგებიანად" არის მისი ასაკი. ქართველი გოლკიპერი სულ რაღაც 23 წლის არის.
არსებობს მოსაზრება, რომ მეკარისთვის საუკეთესო პერიოდი იწყება 30 წლის შემდეგ, სწორედ ამ დროს არის ის თავისი შესაძლებლობების პიკში. ჩვენი სტატიის გმირი თავისი ასაკის კვალობაზე უკვე არის დაღვინებული და შემდგარი. გიორგი სრულფასოვანი უმაღლესი დონის კარის დარაჯია, რასაც ის საქმით ამტკიცებს.
ნათელია, რომ ალისონ ბეკერის წასვლის შემდეგ, "წითლების" კარი 10-15 წლის განმავლობაში საიმედოდ იქნება. პრემიერ ლიგაში გადმოდის მეკარე, რომელმაც ევრო 2024-ზე განახორციელა 30 სეივი და წელს ის იაშინის ჯილდოზეა წარდგენილი. თუ ვსაუბრობთ ახალი თაობის კარის დარაჯებზე, პირველ რიგში საქართველოს ეროვნული გუნდის კარის დარაჯი უნდა გავიხსენოთ.











