ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი "პენსიონერების" ნამდვილ ლიდერად მოგვევლინა. მანჩესტერ სიტიდან წამოსვლის შემდეგ, მან ჩაატარა 36 შეხვედრა, გაიტანა 19 ბურთი და გააკეთა 12 ასისტი. ბევრს არც ახსოვს ის ფაქტი, რომ სტემფორდის ახალი ვარსკვლავი თავის საფეხბურთო გზას სწორედ "ქალაქელებში" იწყებდა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდის მეოცე ნომერი "ლურჯების" აკადემიაში 2010-2020 წლებში თამაშობდა, ამის შემდეგ კი ის ნელ-ნელა მთავარ გუნდში დამკვიდრებასაც ცდლობდა. 21 წლის გამთამაშებელს ხოსეპ გვარდიოლას გუნდში პერსპექტიული, მაგრამ სათადარიგო მოთამაშის სტატუსი ჰქონდა, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება მისი კლუბიდან წასვლა.
საქმე ისაა, რომ ესპანელი მწვრთნელისა და პალმერის ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა. ფეხბურთელს მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით უნდოდა სხვა კლუბში გადასვლა, მაგრამ განათხოვრების წესით, ის თავის მომავალს მხოლოდ ეტიჰადს უკავშირებდა. დამრიგებლის პოზიცია კი ასეთი იყო: დარჩენა ან გაყიდვა.

ამ ყველაფრის შედეგად, ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი გაასხვისეს ჩელსიში და მან. სიტიმ მისი ტრანსფერით 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა. გარიგება შედგა გასული წლის 1 სექტემბერს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ბოლო მომენტში. თავად კოული მანჩესტერიდან წასვლას ასე იხსენებს:
"მან. სიტიდან წასვლა არ მინდოდა. ჩემი მიზანი იყო სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით იჯარით სხვა გუნდში გადასვლა, ერთი წლის შემდეგ კი ისევ მანჩესტერში დაბრუნება. მსურდა, რომ მთავარ გუნდში დამკვიდრებისთვის მზად ვყოფილიყავი. გვარდიოლამ მითხრა: რჩები ან იყიდები, საბოლოოდ მეორე ვარიანტი მოხდა.
ამ გადაწყვეტილებით გაოგნებული დავრჩი, თუმცა ჩელსიში გადმოსვლა არ მინანია. მიხარია, რომ ყველაფერი სწორედ ასე განვითარდა. რა განსხვავებაა "ქალაქელებსა" და ლონდონელებს შორის? ის არის შემდგარი გუნდი, ეს კი პროექტია და ჩვენ ერთად განვვითარდებით", - ასე დაახასიათა "არისტოკრატების" გამთამაშებელმა ტრანსფერი.












