ბევრმა არ იცის, რომ ესპანელი შემტევი ნახევარმცველი არის ბარსელონას აღზრდილი, რომელმაც ლა მასია 16 წლის ასაკში დატოვა. მისი საფეხბურთო გზა დაიწყო ესპანიოლის აკადემიაში, 2006 წელს, მაგრამ უკვე ერთი წლის შემდეგ, ის "ბლაუგრანაში" ირიცხებოდა. ოლმომ გამოიარა ყველა ასაკობრივი გუნდი, 2014-ში კი მისი და "ლურჯ-ბროწეულისფრების" გზები გაიყო.
თავად ესპანელი შემტევი ბარსელონას დატოვების მომენტს ასე იხსენებს:
"ეს კლუბი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება. მე ვუყურებდი, თუ როგორ ემზადებოდნენ მატჩებისთვის დიდი ფეხბურთელები. ვაღიარებ იმასაც, რომ კატალონიურ კლუბში უდიდესი ზეწოლა იყო. ყოველთვის მქონდა შიში: დღევანდელი დღე "ბლაუგრანას" მაისურით შესაძლოა ბოლო იყოს?" - იხსენებს დანი.
"ლურჯ-ბროწეულისფრების" აღზრდილს არ სჯეროდა თავისი პერსპექტივების, რის გამოც მან წასვლა გადაწყვიტა. მას ჰქონდა ორი ვარიანტი - მანჩესტერ სიტი და ზაგრების დინამო, ოლმომ მეორე აირჩია. აღნიშნულ ტრანსფერში უდიდესი როლი ითამაშა ფეხბურთელის მამამ, რომელსაც სჯეროდა, რომ მისი შვილი სწორედ მშვიდ, ხორვატიულ გარემოში გაიხსნებოდა.
"მეუბნებოდნენ, რომ შვილს მომავალს ვუნგრევდი. ბარსელონას წარმომადგენლები ურეკავდნენ პირადად დანის და ეკითხებოდნენ, თუ სად დაიკარგა ის და რატომ გაინადგურა კარიერა. მე უბრალოდ ვიცოდი, რომ დინამო ახალ გუნდს ააშენებდა სწორედ ჩემი შვილის გარშემო, თანაც მშვიდ გარემოში, ზეწოლის გარეშე", - იხსენებს ესპანელი ფლეიმეიქერის მამა.
ასეც მოხდა, ზაგრებში გატარებული ექვსი სეზონის განმავლობაში, ოლმომ 124 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 34 გოლი, 2020 წლის ზამთარში კი ის 29 მილიონ ევროდ "რედ ბულსში" გადავიდა. დღეს, ხორვატიული გუნდის ყოფილი ფლეიმეიქერი "ფურია როხას" უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და გრანდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, მათ შორის, ბარსასიც.












