სერია A-ს 23-ე ტურში ფროზინონემ მილანს უმასპინძლა. 90 წუთის განმავლობაში დიდი ბრძოლა ვიხილეთ, სადაც პიოლის გუნდი გამარჯვებული დარჩა.
მატჩის პირველივე წუთებიდან ორივე გუნდმა შეტევა გადაწყვიტა, შესაბამისად პირველმა გოლმაც არ დააგვიანა. მე-17 წუთზე, რაფა ლეაოს კარგ ჩაწოდებას ოლივიე ჟირუმ თავური დაუხვედრა და ანგარიშიც გაიხსნა. დი ფრანჩესკოს გუნდმა საპასუხო გოლის გატანა მალე მოახერხა. 24-ე წუთზე როსონერის საჯარიმოში არეულობას პენალტი მოჰყვა, რომელიც სოულემ ზუსტად შეასრულა. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სეზონში უკვე მე-10 გატანილი გოლი იყო. ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმი პირველისგან განსხვავებით შედარებით მძიმედ დაიწყო. პიოლის გუნდმა უკან დაიხია და მოედანზე სადავეები მასპინძელმა გუნდმა აიღო. 65-ე წუთზე კი ფროზინონე წინ გავიდა, სოულე-მაციტელის კომბინაციას მაიკ მენიომ ვერაფერი მოუხერხა და დი ფრანჩესკოს გუნდი დაწინაურდა, 2-1. თუმცა როგორც პირველ ტაიმში, ანგარიში აქაც მალევე გათანაბრდა. როსონერის მხრიდან ისევ ჟირუმ იაქტიურა, რომელმაც საგოლე გადაცემა გაბიას გაუკეთა. მილანის აღზრდილმა მცველმა ცარიელ კარში მარტივი გოლის გატანა მოახერხა.
შემდეგ იყო პიოლის ცვლილებები და გუნდის სათამაშო სქემის შეცვლა - მოედანზე ჯერ ოკაფორი, შემდეგ კი იოვიჩი შემოვიდა, რომელმაც თავისი შანსი კიდევ ერთხელ გამოიყენა. მატჩის 81-ე წუთზე ფროზინონეს მცველებმა საკუთარ საჯარიმოში მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, რითაც სერბმა ფორვარდმა ისარგებლა და როსონერი წინ გაიყვანა, 2-3. მატჩის დასრულებამდე ძირითადად ისევ მილანი უტევდა, ფროზინონეს კი რეალური საგოლე მომენტი აღარ ჰქონია.
ამ გამარჯვებით მილანმა ოთხეულში ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა, კერძოდ პიოლის გუნდმა 49 ქულა მოაგროვა.
Serie A
როსონერის მნიშვნელოვანი 3 ქულა









