2010 წლის 30 აპრილი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, ინტერი-ბარსელონა 3:1. მაიკონი, სნეიდერი, მილიტო, ძანეტი, კამბიასო და სხვები... ამ მოთამაშეებმა იმ დროს დაუმარცხებელი ბარსელონას წინააღმდეგ კარიერის მატჩი ჩაატარეს, ამ წელსვე კი ჩემპიონთა ლიგა მოიგეს. 2024 წლის 7 მარტი - "ბათუმი არენაზე" ქართველმა გულშემატკივარმა 14 წლის წინანდელი ინტერის რეციდივი იხილა.
როცა ეს მატჩი დაანონსდა, თავიდანვე დიდი ინტერესი გამოიწვია და გასაკვირი არ არის, რომ მალევე ყველა ბილეთი გაიყიდა. მით უმეტეს, თამაში ბათუმში იყო და ამ ქალაქში ხალხის ფეხბურთისადმი დამოკიდებულება ყველამ ვიცით.

ვეტერანი ფეხბურთელები ზღვისპირა ქალაქში მატჩამდე ერთი დღით ადრე შეიკრიბნენ. გაიმართა მატჩისწინა პრესკონფერენცია, სადაც კახა კალაძე თავის ძველ მეგობრებს და ამავე დროს, კონკურენტებს შეხვდა.
როგორც მატჩის წინა დღეს, ისე მატჩის დღეს, ინტერის ლეგენდები გულშემატკივრებს შეხვდნენ, ხელმოწერები დაარიგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. სასიამოვნო და აუცილებლად აღსანიშნია, რომ მათ ქომაგებისთვის დიდი დრო გამონახეს და გულდაწყვეტილი არავინ დატოვეს. მოედნის გარეთ ინტერის თითქმის ყველა მოთამაშე კარგი იუმორითა და ხალხისადმი თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა.

უშუალოდ მატჩის დღეს, საშუალება მოგვეცა ვეტერან ფეხბურთელთან და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტთან, ზურაბ ხიზანიშვილთან ინტერვიუ ჩაგვეწერა. ხიზანიშვილმა ნაკრებზე საინტერესო ამბები მოგვიყვა, რომელსაც უახლოეს მომავალში Lagazzetta.ge-ზე იხილავთ.

მატჩის დღეს, სასტუმროში კარგი განწყობა იყო. ჩვენი ნაკრების მოთამაშეები ვილი სანიოლმაც მოინახულა. მოკლედ რომ ვთქვათ, ნამდვილი საფეხბურთო გარემო დაგვხვდა, რომელმაც მალევე უშუალოდ მოედანზეც გადაინაცვლა.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, წასაგებად მინდორზე არავინ გასულა. როგორც ჟულიო სეზარს, ისე ნუკრი რევიშვილს თამაშში ჩართვა ბევრჯერ მოუწიათ და ორივემ მაღალ დონეზე ითამაშა.
ამ ფორმაციის ინტერის თამაშები ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობას კარგად ახსოვს, მათი ცოცხლად ნახვა ბევრის ოცნებაც იყო და ეს ოცნება ახდა. თან, ინტერის ვეტერანების ფიზიკური და სათამაშო კონდიცია ისეთივე იყო, როგორიც თავის დროზე, კარიერის პიკში. მაყურებელმა ზუსტად ისეთი ფიგუ, ძანეტი, სეზარი, კამბიასო, მატერაცი და სხვები იხილა. ყოველი მათი ბურთის შეხებისას, ნოსტალგია გვეძალებოდა და გვახსენდებოდა ის ინტერი, როცა მათ ისტორია დაწერეს.

გამორჩეული მაინც ფიგუ იყო. პორტუგალიელმა ჩვენი კარი 2-ჯერ აიღო და ინტერმა 2:0 დაგვამარცხა. რამდენჯერმე, ფიგუს ქართველმა გულშემატკივრებმა დაუსტვინეს კიდეც, ალბათ ბარსელონას გულშემატკივრები იყვნენ. კატალონიელთა ქომაგებს პორტუგალიელი შემტევი ცნობილი მიზეზების გამო არ უყვართ. არაუშავს, ეს სტვენაც ერთგვარი შოუს ნაწილი იყო. მთავარია, რომელიმე ცხოველის თავი არ ესროლეს...
როგორც აჩი არველაძემ მატჩის წინ თქვა, ფეხბურთელები ასეთ დიდ ასპარეზზე თამაშს მონატრებულები იყვნენ და ერთი სული ჰქონდათ, სავსე ტრიბუნის წინ როდის წარსდგებოდნენ. თამაშამდეც და თამაშის შემდეგაც, ინტერის ყველა ფეხბურთელი საკმაოდ პოზიტიურად იყო განწყობილი. "ბათუმი არენას" გასახდელში მათ კარგი ფონი შექმნეს, მხიარულობდნენ, თუმცა უშუალოდ თამაშს სრული სერიოზულობით მიუდგნენ და რამდენჯერმე მსაჯის არასწორი გადაწყვეტილებაც კი გააპროტესტეს.

ისე, საინტერესო იქნებოდა, ფეხბურთელებს თამაშის დროს მონაცემების მთვლელი მოწყობილობა ჰქონოდათ დამაგრებული, რადგან აშკარა იყო, რომ საკმაოდ დიდი მანძილი დაფარეს. განსაკუთრებით, ეს მაიკონზე ითქმის, რომელიც ისეთ ფორმაშია, ახლაც რომ პროფესიულ დონეზე თამაშობდეს, შესაძლოა, კვლავ საუკეთესო მარჯვენა მცველი იყოს.

ამ ბლოგში ინტერის ვეტერანებზე უფრო მეტი ვისაუბრეთ, სტუმრები იყვნენ და მთელი ყურადღება მათ მიმართ იყო, რაც ლოგიკურია, ამიტომ ქართველ ვეტერანებსაც არ უნდა დავუკარგოთ მონდომება და კლასი. ბოლო წამამდე ველოდით, რომ კალაძე შეტევაში ავიდოდა და ინტერს კიდევ ერთხელ გაუტანდა, მაგრამ მთელი თამაში დაცვაში იდგა. იდგა ისე, როგორც ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებულს შეეფერება.
საბოლოო ჯამში, ფაქტია, ღონისძიებამ მაღალ დონეზე ჩაიარა, წვიმის მიუხედავად, გულშემატკივარი სტადიონზე მაინც მოვიდა, ისიამოვნა. ყველაზე კარგი ის არის, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი კლუბების ჩამოსვლა იგეგმება, რომლის შესახებაც მალე შევიტყობთ.










