სულ რამდენიმე საათის წინ ლივერპულის მაისურით გიორგი მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი შედგა. საქართველო ეროვნული ნაკრების პირველმა ნომერმა მერსისაიდული კლუბის კარი ინგლისის ლიგის თასზე დაიცვა, სადაც მისი გუნდი საუთჰემპტონს დაუპირისპირდა. არნე სლოტის გუნდმა მეტოქე 2-1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. 24 წლის კარის დარაჯმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და საკმაოდ კარგი პერფორმანსის შემოგვთავაზა.
ასე გამოეხმაურა გიორგი მამარდაშვილი მის ოფიციალურ დებიუტს სოციალურ ქსელში.
მამარდაშვილის დებიუტით კმაყოფილი დარჩა ლივერპულის მთავარი მწვრთნელი არნე სლოტიც:
"ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, რადგან სულ სხვა მოლოდინები მქონდა. ბევრ ფეხბურთელს აქამდე დიდი სათამაშო დრო არ ჰქონდა, შესაბამისად, გამარჯვება მარტივი არ იყო.
რა თქმა უნდა პოზიტიური მომენტებიც იყო, მაგალითად კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, ისევე როგორც ფედერიკო კიეზასა და ჯოვანი ლეონის. კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების ინდივიდუალური პერფორმანსით."
სტატიის ბოლოსკენ, გთავაზობთ გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკასა და მისი თამაშის შეფასებებს — საუთჰემტპონმა ლივერპულის კარისკენ 13-ჯერ დაარტყა, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 წლის კარის დარაჯს საკმაოდ ბევრი საქმე ჰქონდა. "წმინდანებმა" კარის ჩარჩოში ზუსტად 3-ჯერ გაუშვეს ბურთი, საიდანაც გიორგი მამარდაშვილმა ორი სეივი განახორციელა, ერთიც კი გაუშვა.
მოგერიებული ბურთების გარდა, ქართველი მეკარე ბურთს ჯამში 33-ჯერ შეეხო, რის შემდეგაც 17 პასი გააკეთა (13 ზუსტი). გამოსარჩევია მამარდაშვილის განმუხტვები, რაც ჯამში 3 მოუგროვდა. 24 წლის მეკარეს საჰაერო ბრძოლაში შესვლა ერთხელ მოუწია, რაც მისთვის წარმატებულად დასრულდა (100%-იანი შედეგი).
გიორგი მამარდაშვილის ოფიციალურ დებიუტს ლივერპულის გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში საკმაოდ დადებითად გამოეხმარუნენ:
"ალისონის წასვლის შემდეგ ძალიან გავნადგურდებით, მაგრამ როგორც ჩანს მამარდაშვილი მას ღირსეულად შეცვლის. ვფიქრობ, ჩვენ საიმედო ხელში ვართ"
"ძალიან მომწონს მამარდაშვილის თავდაჯერება. მას კარგი ლიდერული თვისებები აქვს"
"როგორც გიორგი მამარდაშვილს, ისე ჯოვანი ლეონისაც ძალიან კარგი დებიუტი ჰქონდა. ისინი გაუმკლავდნენ ყველაფერს, რაც მათ წინ იყო და ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად აკეთებდნენ. შთამბეჭდავია ეს ყველაფერი"
"მამარდაშვილი მთასავით არის! ძალიან კარგი მეკარე დავიმატეთ მისი სახით"









