ხვალ, 8 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე მორიგი დერბი დელა მადონინა გაიმართება, სადაც მილანი და ინტერი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
"ნერაძური" ამ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით ხვდება — გუნდის კაპიტანი ლაუტარო მარტინესი მილანთან მატჩს 100% გამოტოვებს, ხოლო რაც შეეხება მარკუს ტურამს, ფრანგ შემტევს სიცხე აქვს და სამატჩო განაცხადში მოხვდება თუ არა, მხოლოდ ხვალ გადაწყდება. რაც შეეხება ჰაკან ჩალჰანოღლუს, თურქი ნახევარმცველი გუნდთან ერთად იქნება, თუმცა როგორც ირკვევა არც ისაა სათამაშოდ ბოლომდე მზად, შესაბამისად, შეხვედრას სკამიდან დაიწყებს. დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა დენზელ დუმფრისთან დაკავშირებითაც, ნიდერლანდელი ვინგბექი მხოლოდ 15-20 წუთის სათამაშოდაა მზად.
ინტერი ხვალინდელ მატჩს 67 ქულით ხვდება, ხოლო "როსონერის" 57 ქულა აქვს. იმ შემთხვევაში თუ კრისტიან კივუს გუნდი გამარჯვებას მოახერხებს, სკუდეტო დიდი ალბათობით მილანის შავ-ლურჯ მხარეში წავა, თუმცა თუ მაქს ალეგრის შეგირდებმა შეძლეს 3 ქულის აღება, საჩემპიონო რბოლა კვლავ დაიძაბება.









