მილანის ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ შეაფასა რომა-ინტერის შეხვედრა, რომელიც დასრულდა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2. "ინტერის დახასიათება შესაძლებელია 3 სიტყვით: ძალა, გამოცდილება, ტექნიკა. ამ გუნდში ყველა ეხმარება ერთმანეთს და თითოეული მოთამაშე ცდილობს სასარგებლო იყოს.
ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და შედეგიც შესაბამისი იქნება. რაც შეეხება რომას, მინდა დე როსი შევაქო. ის მოვიდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მოურინიოს შემდეგ, მაგრამ მისი ხელწერა უკვე ჩანს. დანიელემ "ჯალორისის" ახალი იდეები და გამბედაობა მისცა. მილანელებთან წაგების გამო ისინი არ უნდა ჩავარდნენ დეპრესიაში, ეს უბრალოდ გაკვეთილი იყო.
იმ შემთხვევაში, თუ "მგლები" შეინარჩუნებენ თავის თამაშის სტილსა და ფსიქოლოგიურ მდგრადობას, სატურნირო ცხრილში აღზევების დროც მოვა. მასპინძლებმა აჩვენეს, რომ არ ეშინოდათ მეტოქის, ისინი "ნერაძურის" დაცვაში გამოკეტვას ცდილობდნენ. მოგვიანებით კი საქმეში სტუმრების სიძლიერე და კლასი ჩაერთო.
"შავ-ლურჯების" თამაში ხდება უფრო და უფრო ევროპული, რაც პირადად მე როგორც მაყურებელს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. გუნდი ახლოს არის სკუდეტოს მოგებასთან, მაგრამ ზეიმისგან ჯერ მაინც თავს შევიკავებდი. სიმონე ინძაგის გუნდში ყველაფერი წესრიგშია როგორც ფიზიკური, ისე მორალური თვალსაზრისითაც.
მინდა გამოვარჩიო მეაცას ბინადრების ნახევარდაცვითი სამეული, ისინი უბრალოდ იდეალურად უგებენ ერთმანეთს. ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა დიმარკომ და ასევე ზომერმაც, რომელმაც ინტერი მინიმუმ ორ მომენტში იხსნა. ლაუტარო კი სამწუხაროდ თავის საკუთარ აჩრდილს ჰგავდა. ფაქტია, ჩვეულ დონეზე მას მატჩი არ ჩაუტარებია.
მარტინესი თამაშობს ძალიან ბევრს და ზოგჯერ მას დასვენება სჭირდება. სამწუხარო იქნება, თუ სეზონის დასკვნით ნაწილს ის გადაღლილი შეხვდება. დარწმუნებული ვარ, ინძაგი ამ საკითხს უყურადღებოდ არ დატოვებს. ძალიან მომეწონა ტურამი და მინდა ავღნიშნო, მილანელებმა მისი ტრანსფერით ნამდვილ განძს მიაგნეს.
მოხარული ვარ, რომ სხვა ევროპული ტოპ-გუნდების მსგავსად, პრესინგი თავის თამაშში "ნერაძურიმაც" დანერგა. ამ გუნდს შეუძლია ყველაფრის მიღწევა, როგორც იტალიაში, ისე ევროპაშიც. ვხედავ სიმონეს განვითარების გზასაც. ადრე ის იყო უბრალოდ ტაქტიკოსი, ახლა კი არის სტრატეგი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრობს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "შავ-ლურჯების" პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. არის იდეები, ხედვა, ერთსულოვნება და პროგრესი. მოკლედ, ყველაფერი სერიოზული წარმატებისთვის", - განაცხადა ლეგენდარულმა იტალიელმა ექს-სპეციალისტმა.
Arrigo Sacchi © RCS MEDIAGROUP









