ბათუმის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ Ukrfootball-ს მისცა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. უკრაინელმა მიმოიხილა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სადაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სწორედ მისი ქვეყნის ეროვნული გუნდიც იქნება. ამის გარდა, საუბარი ჩვენი ნაკრების არაერთ მოთამაშეზეც ჩამოვარდა. ყველაფრის შესახებ ვრცლად ინტერვიუში.
- რას იტყვით ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების მოწინააღმდეგეების შესახებ?
- ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე ჩეხეთი იქნება. ალბანეთი კი არის ნაკრები, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს. რაც შეეხება საქართველოს, არც მათი ჩამოწერა ღირს, რადგან ამ გუნდს სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. პატივს ვცემ თითოეულ მეტოქეს, მაგრამ ჩემი აზრით, ფავორიტი მაინც უკრაინა არის.
- თურქეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი, საქართველოს ოთხეულიდან ეს უკანასკნელი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია?
- თურქეთი გამოკვეთილად ძლიერი ნაკრებია. ბათუმი ტერიტორიულად ამ ქვეყანასთან ახლოს არის და ზოგჯერ სუპერლიგის თამაშების ყურების შესაძლებლობაც მაქვს. მინდა აღვნიშნო, საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი აქვთ. საბერძნეთი, საქართველო და ყაზახეთი კი დაახლოებით ერთი დონის გუნდები არიან.
- მოგვიყევით საქართველოს ნაკრების შესახებ. როგორ თამაშობს ეს გუნდი?
- პირადად მე, არ მომწონს ის დაცვითი ფეხბურთი, რომლითაც სანიოლი თამაშობს. მან პირველივე დღიდან აირჩია დაცვითი ტაქტიკა: 5-4-1 და 5-3-2. ის ამ ნაბიჯს ხსნის იმით, რომ ასაკიანი და არც თუ ისე სწრაფი მოთამაშეები ჰყავს. შეტევითი პოტენციალი საქართველოს საკმაოდ ძლიერი აქვს. წინ თამაშობენ მაგარი ბიჭები და სწორედ ამის გამო არ მომწონს, რომ ვილი მათ თამაშს ღრმა დაცვიდან აიძულებს.
- გამოდის, რომ ჩვენ მოგვიწევს მოწინააღმდეგის დაცვის გატეხვა?
- დიახ. საქართველო ჩაჯდება თავის საჯარიმოში, ჩაკეტავს თავისუფალ ზონებს და პოზიციური თამაში გამოვა. უკრაინას ჰყავს ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ერთი-ერთზე მოტყუება. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველო ბევრ პრობლემას ვერ შეუქმნის უკრაინას, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, საჭიროა მეტოქის დაფასება და მატჩისთვის სათანადოდ მომზადება.
- ვის გამოყოფდით საქართველოს ნაკრებიდან, ვის უნდა ვუფრთხოდეთ ყველაზე მეტად?
- საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, კვარაცხელიაა, რომელიც ამჟამად ნაპოლიში თამაშობს. ასევე გამოვყოფ მიქაუტაძეს, რომელიც განათხოვრების წესით, აიაქსიდან დაბრუნდა მეცში და დავითაშვილი, რომელიც ბორდოს ღირსებას იცავს. ქართველებს ჰყავთ კარგი განაპირა მცველები - შახტარიდან აზაროვი და გოჩოლეიშვილი.
- რა არის საქართველოს ნაკრების სუსტი წერტილი?
- საქართველოს ნაკრების სუსტი წერტილი ცენტრალური დაცვაა. გამოცდილმა უკანახაზელებმა კაშიამ და კვერკველიამ 30 წლის ასაკს უკვე გადააბიჯეს. ისინი არ გამოირჩევიან სისწრაფით და უკრაინას ამის გამოყენება თავის სასიკეთოდ შეუძლია.
- თქვენი გუნდის რომელ ფეხბურთელებს იძახებენ ნაკრებში?
- წიტაიშვილსა და მამუჩაშვილს, ისინი დინამოს წამყვანი ფეხბურთელები არიან. წიტაიშვილი დიდი ხნის განმავლობაში გუნდებს იჯარით იცვლიდა, მაგრამ ახლა ბათუმში მყარადაა და სასტარტოშიც ადგილი დაიმკვიდრა. გიოს არ აკლია სათამაშო პრაქტიკა და ის ძველ მდგომარეობას იბრუნებს. ის ნიჭიერი ბიჭია. არ ვიცი, ბოლო დროს რატომ არ იწვევენ ნაკრებში. შესაძლოა, ვერ მოაწონა თავი სანიოლს, თუმცა დინამოში წიტაიშვილი კარგად თამაშობს და მისით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება დინამო კიევიდან გიოს შესაძლო ტრანსფერს, ბათუმი პლაცდარმია ევროპისკენ და თუკი დავინახავთ, რომ მის იმაზე დიდ თანხად გაყიდვას შევძლებთ, ვიდრე გამოსყიდვა დაგვიჯდება, რატომაც არა? ფეხბურთიც ბიზნესია. ვნახოთ, რა იქნება. ჯერ საჭიროა, რომ სტაბილურად ითამაშოს, გაიტანოს გოლები და მისმა ფასმა მოიმატოს.
რაც შეეხება მამუჩაშვილს, ის სტაბილური და ძალიან ძლიერი მოთამაშეა. შემთხვევითი არ არის, რომ ვლადიმერს საქართველოს ნაკრებში მუდმივად იწვევენ. დღეს მის პოზიციაზე ნაკრებში უფრო მეტად თამაშობს გოჩოლეიშვილი, მაგრამ მჯერა, წელს მამუჩაშვილი მას კონკურენციას გაუწევს.
"სანიოლის დაცვითი ფეხბურთი არ მომწონს", - დემჩენკოს ინტერვიუ უკრაინულ პრესას









