50 მილიონი ევრო - ეს არის ის თანხა, რომელსაც ინტერი სკუდეტოს მოგებით გამოიმუშავებს. ნერაძური ისტორიაში სერია ა-ს ჩემპიონი მეოცედ გახდება და მაისურზე მეორე ვარსკვლავს დაიხატავს, რაც კლუბის ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის. რაც მთავარია, ინტერი მილანის წინააღმდეგ დიდი ხნის წინ დაწყებულ ბრძოლას მეორე ვარსკვლავისთვის გამარჯვებით დაასრულებს.
როგორ მიიღებს ინტერი 50 მილიონს? სკუდეტოს მოგებით, ნერაძური საპრიზო თანხის სახით 23,4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს - ეს იქნება სატელევიზიო უფლებებით მიღებული შემოსავალი, რაც იტალიაში ჩემპიონისთვის არის გარანტირებული. დამატებით 10 მილიონს კი ინტერს, როგორც მოქმედ ჩემპიონს, მომდევნო სეზონის დაწყების წინ UEFA ჩაურიცხავს. საპრიზო თანხების გარდა, მილანური კლუბი სპონსორებისგან დაახლოებით 12 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც სხვადასხვა სახის მარკეტინგული შემოსავლებიც დაემატება. პირდაპირი ფინანსური მოგების გარდა, ინტერისთვის მნიშვნელოვანი იქნება მე-20 ტიტული და მეორე ვარსკვლავი, რაც, რა თქმა უნდა, ბრენდის გაზრდაზე პოზიტიურად იმოქმედებს.
მიმდინარე სეზონში, ინტერს სკუდეტო პრაქტიკულად განაღდებული აქვს და გუნდის მთავარი მიზანი 22 აპრილს, ტიტულის დერბიში გაფორმება იქნება. ამისთვის, ინტერმა 33-ე ტურში მილანი უნდა დაამარცხოს და ჩემპიონობას ოფიციალურად სან სიროზე გაიფორმებს, თანაც სტუმრების სტატუსით - აღნიშნული სცენარი ნერაძურის მომავალში უდიდეს ეკონომიკურ მუხტს მისცემს. მე-20 ტიტულის დერბიში გაფორმება მნიშვნელოვანია კლუბის პრეზიდენტისთვისაც, რომელიც ყოველთვის უსვამს ხაზს მილანთან მეტოქეობას. მეორე ვარსკვლავი სიმონე ინძაგისთვისაც რევანში იქნება - მისმა გუნდმა 2 წლის წინ ტიტული სწორედ როსონერისთან დათმო.
ინტერის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის მომდევნო დერბს "დელა მადონინას" განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამით აიხსნება ის ემოციები, რაც გუნდმა ფრატეზის მიერ გატანილ გამარჯვების გოლზე გამოხატა უდინეზეს წინააღმდეგ. ნერაძურიში ყველას სურს, რომ ისტორიული, მე-20 სკუდეტო, 12 დღეში, მთავარი კონკურენტის წინააღმდეგ ოფიციალურად გაიფორმონ და იტალიის ფეხბურთის ისტორიაში, იუვენტუსის შემდეგ, გახდნენ მეორე კლუბი, რომლის მაისურზეც ორი ვარსკვლავი გაჩნდება.
Serie A
საპრიზო თანხა, სპონსორები და ბრენდი - ინტერის ეკონომიკური მუხტი სკუდეტოს მოგების შემდეგ










