2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში საქართველოს ნაკრებმა თბილისში რუმინეთი მიიღო და მეტოქე 43:5 დაამარცხა.
პირველ ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" ორი ლელო დადეს და შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - დუბლი აკაკი ტაბუცაძემ გაიფორმა.
მეორე ტაიმის დასაწყისში, ლელო მირიან მოდებაძემ დადო, ხოლო გარდასახვა დავით ნინიაშვილმა გაიტანა და ანგარიში 17:0 გახდა. რამდენიმე წუთში, ბექა გორგაძემ დადო ლელო, ხოლო შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ლუკა ივანიშვილმა დაალელოვა მეტოქე და გარდასახვა ზუსტად კვლავ ნინიაშვილმა შეასრულა. 71-ე წუთზე სტუმართა მხრიდან ფონოვაიმ პრესტიჟის ლელო დადო, ხოლო ზუსტად 4 წუთში ტაბუცაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, რომელიც ამჯერად აბჟანდაძემ გარდასახა. მატჩის საბოლოო ანგარიში - 43:5, კი 79-ე წუთზე დემე თაფლაძემ დააფიქსირა.
ფინალში "ბორჯღალოსნების" მეტოქე ხვალ, პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გაირკვევა - მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
საქართველომ რუმინეთი დაამარცხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა









