გასულ თვეში, დინამო თბილისმა 18 წლის ფორვარდი ჰალიდ დოლტმურზიევთი დაიმატა, რომელიც ბრიუგეს აკადემიის აღზრდილია.
ჰალიდი უკვე ერთ თვეზე მეტია თბილისურ კლუბთან ერთად ვარჯიშობს და დებიუტისთვის ემზადება. მოგეხსენებათ, მან უკვე ითამაშა საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებში.
LaGazzetta.ge ჰალიდ დოლტმურზიევთს დაუკავშირდა და რამდენიმე თემაზე ისაუბრა.
დინამო თბილისში გასულ თვეში გადახვედი. როგორ მიმდინარეობს ადაპტაციის პროცესი?
"ვიცი, რომ დინამო თბილისი საუკეთესო კლუბია საქართველოს ისტორიაში და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ. ადაპტაციაში მთლიანი გუნდი დამეხმარა. აქამდე, სალიასთან და ხარებაშვილთან ვმეგობრობდი, ახლა კი ყველასთან კარგად ვარ."
როგორია შენი მიზნები ახალ კლუბში?
"ჩემი მიზანია გავხდე ისეთი თავდამსხმელი, რომელიც გუნდს რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვებაში და ჩემპიონობაში დაეხმარება."
გაიხსენე ბრიუგეში გატარებული დრო, რამდენად დაგეხმარება იქაური გამოცდილება საქართველოში სათამაშოდ?
"ბრიუგე დიდი გუნდია, იქ ყოფნა, თამაში და ყოველი წუთი ძალიან მსიამოვნებდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. იქაური გამოცდილება სამომავლო კარიერისთვის ნამდვილად დამეხმარება."
როგორც ზემოთ ახსენე, სალიასთან და ხარებაშვილთან მეგობრობ. თუ ადევნებდი მათ თამაშებს თვალს?
"საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ორი მოზტამაშე განსაკუთრებით ნიჭიერია, რადგან ასეთ პატარა ასაკში უკვე დიდი გამოცდილება აქვთ."
საქართველოს გაცნობას ახლა იწყებ, როგორია შენი შთაბეჭდილებები?
"ჩვენ, ინგუშ ხალხს ქართველები ძალიან გვიყვარს. ჩემი ოჯახი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ქართველები ძალიან გვიყვარს, ახლო ურთიერთობა გვაქვს და ეს იყო საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზანი. ქართველებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ."
ქართულ ენას სწავლობ?
"დიახ, ცოტა ვიცი, მაგრამ მასწავლებლის აყვანას ვგეგმავ, რათა კარგად ვისწავლო. რამდენიმე სიტყვა ვიცი - გამარჯობა, როგორ ხარ, სწრაფად, ბურთი, მოდი, მადლობა."
ახალგაზრდებთან ერთად, დინამო თბილისში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს, თუ იღებ მათგან რჩევებს?
"ყველაზე მეტს მათე ვაწაძესთან ვსაუბრობ ხოლმე, რადგან ის ჩემი პოზიციის ფეხბურთელია და თავის გამოცდილებებს მიზიარებს."
მსოფლიო ფეხბურთში ვინ არის შენი საყვარელი ფეხბურთელი შენს პოზიციაზე?
"ზოგადად, ბევრი თავდამსხმელი მომწონს - რონალდუ, მბაპე, მაგრამ დღესდღეობით, ლაუტარო მარტინესის და ჟორჟ მიქაუტაძის თამაშებს ვუყურებ ხოლმე, რადგან ჩემნაირი სტილის ფეხბურთელები არიან."
დინამო თბილისის მიერ აღზრდილი ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და გამორჩეული კარიერა აქვთ...
"დიახ, ჩემი მიზანიც ეს არის. ეროვნულ ნაკრებში თამაში ოცნებაა. მსურს, ჩემი საკუთარი ისტორია დავწერო და ხალხს თავი ნაკრებში ნათამაშები კარგი მატჩებით დავამახსოვრო."









