თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატებზე
თურქეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატებზე ექვსჯერ უთამაშია. დებიუტი შედგა ევრო 1996-ზე, რომლის მიმდინარეობისას ამ გუნდმა თავის ჯგუფში ნული ქულით ბოლო ადგილი დაიკავა. იმის შემდეგ, ბოსფორელები ტურნირიდან ტურნირამდე პროგრესირებენ და მათი მონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად არცერთი დიდი ტურნირი არ ტარდება.
"მთვარის ვარსკვლავების" საუკეთესო შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ნახევარფინალური ნიშნული. ალბათ გვახსოვს "წითლებსა" და ჩეხეთს შორის გამართული დრამატული მატჩი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, რომელშიც 87-ე და 89-ე წუთზე გატანილი ბურთებით, მომავალმა 1/2-ფინალისტებმა 3:2 მოიგეს.
რაც შეეხება პლეი-ოფს, მეოთხედფინალში ფათიჰ თერიმის შეგირდებმა პენალტების სერიაში დაამარცხეს ხორვატია, ნახევარფინალში კი მათ ელოდათ კიდევ ერთი დრამატული ბრძოლა, ამჯერად გერმანიასთან, რომელიც დასრულდა წაგებით, 2:3. თურქეთმა გაიტანა პირველმა, 90-ე წუთამდე კი იყო 2:2, მაგრამ შემდეგ, საბოლოო წერტილი ფილიპ ლამმა დასვა.

ურთიერთშეხვედრების ისტორია საქართველოს ნაკრებთან
ეს ორი ნაკრები ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ შეხვდა. სამჯერ იმარჯვა, თურქეთმა, ერთხელ - საქართველომ, ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 12:5 ბოსფორელების სასარგებლოდ. ამ დუელის საუკეთესო ბომბარდირი არის ფათიჰ თეკე, რომელმაც "ჯვაროსნებს" საერთო ჯამში 3 ბურთი გაუტანა.
რაც შეეხება ჩვენი ნაკრების ერთადერთ გამარჯვებას, ეს მოხდა 2007 წლის 7 თებერვალს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი დავით სირაძემ გაიტანა. ასევე გამოსარჩევია ტრაბზონში გამართული 2006 წლის მუნდიალის შესარჩევის თამაში, რომელიც 1:1 დასრულდა.

ამჟამინდელი მდგომარეობა
ვერ ვიტყვით, რომ თურქეთის ნაკრები განიცდის თავის საუკეთესო პერიოდს, თუმცა ძლიერი შემსრულებლები მათ მაინც არ აკლიათ. პირველ რიგში გამოსარჩევია მილანის ინტერის გამთამაშებელი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, რომელიც ბოსფორელთა კაპიტანიც არის. ეროვნული გუნდის სხვა ლიდერები: მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი), კან აიჰანი (გალათასარაი), ზეკი ჩელიკი (რომა), იუსუფ იაზიჩი (ლილი).
რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, პირველ რიგში გამოსარჩევია მადრიდის რეალის 19 წლის შემტევი ნახევარმცველი, არდა გულერი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 6 ბურთის გატანა მოასწრო. თურქმა გამთამაშებელმა ეს ყველაფერი 100%-იანი სიზუსტით გააკეთა. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ტურინის იუვენტუსის ფორვარდი კენან ილდიზი, რომელმაც ამ სეზონში 4-ჯერ გამოიჩინა თავი.
"მთვარის ვარსკვლავების" ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად მოიაზრება ზემოთხსენებული ჩალჰანოღლუ, რომელსაც Transfermarkt-ი 40 მილიონად აფასებს. სხვა ძვირადღირებულები: ორქუნ ქოქჩუ (30 მილიონი), ზემოთხსენებული ილდიზი (30 მილიონი), ენეს უნალი (20 მილიონი), ფედი ქადიოღლუ (20 მილიონი).

განვლილი გზა ევრო 2024-მდე
თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა თავისი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის პირველი ადგილით. მოწინააღმდეგეები იყვნენ ხორვატია, უელსი, სომხეთი და ლატვია. ბოსფორელებმა შესაძლო 24 ქულიდან 17 მოიპოვეს. 5 გამარჯვება, 2 ფრე და 1 წაგება. ის ერთადერთი მარცხი ხორვატიასთან (0:2) იყო.
"მთვარის ვარსკვლავები" ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა ვინჩენცო მონტელამ, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში გასული წლის სექტემბერში დაინიშნა. "წითლებმა" იტალიელი დამრიგებლის ხელმძღვანელობით მოასწრეს 6 მატჩის ჩატარება, რომელშიც მოიპოვეს 3 მოგება, 1 თამაში ითამაშეს ფრედ, 2 კი წააგეს.

შანსები ევრო 2024-ზე
თურქეთის ნაკრები არ არის თავისი ჯგუფის ფავორიტი, თუმცა არც აუტსაიდერი. ეს გუნდი შეგვიძლია მივიჩნიოთ ჯგუფიდან გასვლის რეალურ კანდიდატად. ბოსფორელები არიან თანაბრად დაბალანსებული გუნდი და პრობლემების შექმნა მათ ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლიათ. ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, თუ "მთვარის ვარსკვლავები" გავლენ 1/8 ფინალში ან თუნდაც კიდევ უფრო წინ. სენსაციის მოხდენის გამოცდილება მათ ძალიან დიდი აქვთ.












