დღეს გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალები და გაირკვა იმ 4 საუკეთესო გუნდის ვინაობა, რომლებიც თასისთვის იბრძოლებენ.
ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებული იბერია ტყიბულის მეშახტეს ესტუმრა და მარტივად, 0:3 დაამარცხა. გოლები ირაკლი სიხარულიძის, გურამ გოშთელიანის და გიზი მამაგეიშვილის ანგარიშზეა.
დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა დინამო ბათუმმა. აჭარლებმა კირკიტაძის, დუმბაძისა და წულუკიძის გოლებით ლოკომოტივი ასევე 0:3 დაამარცხეს.
სპაერისა და გორის დილას მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ გორელები 2-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ, სპაერმა სხვაობა შეამცირა და მომენტებიც ჰქონდათ. რომ არა დილას მეკარე დავით კერესელიძე, არავინ იცის ვინ მოახერხებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. დილამ 2:1 გაიმარჯვა.
სამტრედია ეროვნული ლიგა 2-ის ერთადერთი წარმომადგენელი იქნება, რომელიც საქართველოს თასის ნახეავრფინალში ითამაშებს. მათ გიორგი გადრანისა და ლევან კუტალიას გოლებით რუსთავი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ.
საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი 30 ოქტომბერს გაიმართება. დილა სამტრედიას, ხოლო იბერია დინამო ბათუმს დაუპირისპირდება.









