ამჟამად სახო ტორპედოსთან ერთად მზადებას ესპანეთში გადის. LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში მან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფები, რას იტყვი ამ ქვეყანაზე?
"საქართველოში ნახევარი წელია ვცხოვრობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი ოჯახიც აქ იმყოფება და ისინიც კმაყოფილები არიან. საკმაოდ თბილი ხალხი ცხოვრობს, კლუბშიც კარგი სიტუაციაა და გვაქვს ამბიცია, რომ მაღალ მიზნებს მივაღწიოთ. ტორპედოს გულშემატკივრები კი ცალკე გამოსაყოფია. მათ კლუბი ძალიან უყვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ."
გასულ სეზონში ჩემპიონობის შანსი გაუშვით, გახდება წელს ტორპედო ჩემპიონი?
"ეს ჩვენი მთავარი მიზანია. ახალი სეზონისთვის აქტიურად ვემზადებით და ყველაფერი 0-დან იწყება. ახალი ფეხბურთელები გვყავს, ახალი მწვრთნელი, რომელსაც თავისი ხედვები აქვს. ჩვენ ჩვენის მხრივ მაქსიმუმს გავაკეებთ, რომ სეზონს კარგ ფორმაში შევხვდეთ. ტორპედოს გამორჩეული ქართველი ფეხბურთელები ჰყავს. ბოლოს გუნდმა ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშე დაიმატა (გიორგი კოხრეიძე) და ვფიქრობ, გავძლიერდით."

ამ პერიოდში, ბევრ ახალგაზრდა ქართველთან მოგიწია თამაში. რა შთაბეჭდილება დაგრჩა ქართველ ტალანტებზე?
"ამან გამაკვირვა, რადგან ქართველებს ბრწყინვალე ახალგაზრდები ჰყავთ. კარგად ვნახეთ, რა შედეგები დააფიქსირა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე. ვფიქრობ, აქ ფეხბურთი ვითარდება, სწორ გზაზე დგას და კარგი თაობა მოდის, რაც ქვეყნისთვის აუცილებელია."
პსჟ-ში წლების განმავლობაში თამაშობდი, დღეს კი ამ გუნდში ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. გქონდა თუ არა კომუნიკაცია კლუბთან კვარას თაობაზე?
"სიმართლე გითხრათ, კვარაცხელიას თაობაზე კლუბთან არ მისაუბრია. პსჟ ჩემი მეორე სახლია. მათ განვითარებას თვალს აქტიურად ვადევნებ და ვხედავ, რომ საკმაოდ კარგი და ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავთ. ერთ დღეს აუცილებლად ვეწვევი."
გასულ მატჩებში ვნახეთ, რომ პსჟ-ს შეტევაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა...
"დიახ და ეს ძალიან კარგია. როცა ისეთ დიდ გუნდში თამაშობ, როგორც პსჟ-ა, მაღალი დონის ფეხბურთელები აუცილებლად დაგხვდებიან, კვარა კი იპოვნის საუკეთესო გზას, რომ ამ მაღალი დონის მოთამაშეებთან ერთად წარმატებულად ითამაშოს."

ბოლო პერიოდში, პარიზელები ბრწყინვალე ფორმაში არიან. შეუძლიათ მათ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება?
"ყოველი სეზონის წინ, პსჟ-ს ამ ტურნირის მოგებას ვუსურვებ ხოლმე, რადგან ეს ჩემი ქალაქი და ჩემი კლუბია. მათ ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავთ, დაემატათ კვარაცხელია და იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ. მათ ეს შეუძლიათ."
კარიერის განმავლობაში უამრავ დიდ ფეხბურთელთან გითამაშია...
"ჩემს კარიერაში ბევრ უმაღლესი დონის მოთამაშესთან ერთად მომიწია ყოფნა. განსაკუთრებით ვერავის გამოვყოფ, ყველასთან რაღაც გამოცდილება მივიღე. ბექჰემი, ბენზემა, რიბერი, სუარესი - მათთან თამაში დიდი სიამოვნება იყო."

ზემოთ ჩამოთვლილებს დავამატოთ მბაპე, იბრა და სხვები. ამ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ყოველდღიურად გიწევდა. შენი აზრით, რა გამოარჩევდათ ისეთი, რის გამოც ასეთ მაღალ დონეზე შეძლეს თამაში?
"მათ ჰქონდათ ბუნებრივი ტალანტი და საოცარი შესაძლებლობები. როცა ეს თვისებები გაქვს, ყველაფერი მოედანზე უნდა გადაიტანო. ის ფეხბურთელები, რომლებზეც ვისაუბრეთ, უდიდესი ნიჭის მქონე მოთამაშეები იყვნენ და ამ ნიჭს ყოველდღიურად ავითარებდნენ როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ."
ყველაზე დიდი გამოცდილების ფეხბურთელი ხარ, ვისაც საქართველოში უთამაშია. რას ურჩევდი ქართველ ახალგაზრდებს?
"სჯეროდეთ თავიანთი ოცნებების. ყველაფერი შესაძლებელია. მაგალითისთვის, კარგად ვხედავთ, რომ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ტოპ დონეზე, ტოპ კლუბში თამაშობს. ოცნებების ახდენა შესაძლებელია - იმუშავეთ ბევრი, მოუსმინეთ მწვრთნელს და ირწმუნეთ თქვენი თავების."










