დღეს ამხანაგური შეხვედრა გაიმართება საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდებს შორის. მატჩის წინ, მთავარმა მწვრთნელებმა თემურ ქეცბაიამ, იბრაჰიმ ბამ და ფეხბურთელებმა პრესკოფნერენცია გამართეს.
კახა კალაძე: "უბედნიერესი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ისეთ ისტორიულ გუნდში მეთამაშა, როგორიც მილანია. ყველაფერი მოვიგეთ, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მილანის აქ ჩამოსვლას ორმაგი დატვირთვა აქვს და ეს ჩემს ემოციებშიც გამოიხატება. დავბრუნდი წარსულში და ისევ ის პატარა კალა ვარ, რომელიც წლების წინ ამ ფეხბურთელებთან ერთად თამაშობდა. ჩემთვის ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია, რომ მილანს საქართველოში ამდენი გულშემატკივარი ჰყავს. სანახაობრივ თამაშს გპირდებით. მადლობა მილანის ლეგენდებს, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, კაკა და ზეედორფი ისეთ ფორმაში არიან, დღესაც შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში."
კლარენს ზეედორფი: "ერთმანეთს ხშირად არ ვნახულობთ და მოხარული ვარ, რომ შევხვდით და ერთად ვართ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მათ ევროპის ჩემპიონატზე კარგი მატჩები ჩაატარეს, "მშივრები არიან" და არის პერსპექტივა, რომ მომავალში უფრო დიდ წარამტებებს მიაღწიონ."
კაკა: "მოხრული ვარ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამდენი გულშემატკივარი გვყავს. საქართველოში პირველად ვიმყოფები და ქართველ ხალხისგან დიდ სითბოს ვგრძნობ. როგორც ფეხბურთელი, მოედანზე თამაში, გულშემატკივრებთან შეხვედრა და ეს მომენტები დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. საქართველოს ნაკრებს კარგი თაობა ჰყავს, მათ შეუძლიათ ევროპისა და სხვა ჩემპიონატებზე დიად მიზნებს მიაღწიონ მომავალში. ჩვენ, როგორც გულშემატკივრები, იმედი გვაქვს, რომ თქვენი ნაკრები მომავალში წარამტებებს მიაღწევს."
თემურ ქეცბაია: "კვიპროსის ნაკრები ერთი კვირის წინ დავტოვე და უკვე ახალი კლუბი ვიშოვე (იცინის). ჩემი ფეხბურთელების მჯერა. სულ ერთი ვარჯიში გვქონდა და იმედია, მატჩს კარგ კონდიციებში შევხვდებით. იმედია, გულშემატკივარი სიამოვნებას მიიღებს."
იბრაჰიმ ბა: "მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით და ამისთვის მადლობა კახა კალაძეს, რომელიც მილანის დიდი ოჯახის წევრია. დღევანდელ მატჩში ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, რადგან ჩვენ მილანი ვართ."









