მილანი/კორტინას XXV ზამთრის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. დახურვის ცერემონიალი ანტიკურ რომაულ ამფითეატრზე - ვერონას არენაზე (Arena di Verona) გაიმართა.
საქართველოდან მედროშეები იყვნენ სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური - ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა და მოციგურავე ლუკა ბერულავა - ქართული სპორტის ისტორიაში საქართველოს პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ანასტასია მეტელკინასთან წყვილში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მედლების საერთო ჩათვლაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს ნორვეგიელებმა: 18 ოქრო, 12 ვერცხლი, 11 ბრინჯაო. მეორე ადგილზეა აშშ-ს ნაკრები ( 12 ოქრო, 12 ვერცხლი, 9 ბრინჯაო), მესამეზე - ნიდერლანდები (10 ოქრო, 7 ვერცხლი, 3 ბრინჯაო). საქართველოს გუნდმა 1 ვერცხლის მედლით 25-ე ადგილი დაიკავა. თამაშებში მონაწილე 92 ქვეყნიდან , მედლის მოპოვება მხოლოდ 29 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეძლეს.
დახურვის ცერემონიაზე დაჯილდოვდნენ 50 კილომეტრზე თხილამურებით რბენაში ჩემპიონ-პრიზიორები, როგორც ქალებში, ასევე კაცებში.
მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ საფრანგეთს ოლიმპიური დროშა გადაეცა.
მილანში, „მშვიდობის თაღთან," გლორია კამპანელის მუსიკის თანხლებით ჩაქრა ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც 16 დღის განმავლობაში ენთო.
2026 წლსი ზამთრის ოლიმპიური თამაშები ქართული სპორტისთვის ისტორიული აღმოჩნდა, ჩვენმა ქვეყანამ ზამთრის ოლიმპიადზე პირველი მედალი მოიპოვა. ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ვერცხლის მსდალი დაისაკუთრა.









