რუსთავის სარაგბო კლუბის, "შავი ბასტიონებისა" და კერძო სკოლის, „მენაფირის აკადემიის“ ერთობლივი პროექტის თანახმად, სექტემბრიდან აღნიშნული სკოლის ყველა კლასში რაგბის გაკვეთილები დაინერგება, „მენაფირის აკადემიის“ საპატიო ელჩი კი ბორჯღალოსნებისა და ფრანგული ტოპ 14-ის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით რუსთაველი მორაგბე ბექა გორგაძე იქნება.
„მენაფრის აკადემიაში“ სპორტის გაკვეთილებზე რაგბი ახლაც ისწავლება, ახალი სასწავლო წლიდან კი ის პირველი სარაგბო სკოლა გახდება. ყველა კლასში, ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით, ჩატარდება რაგბის გაკვეთილები, სადაც ბავშვებს რაგბის რაობას, მის ღირებულებებს, ფილოსოფიას, სიკეთეებს და სხვა ფასეულობებს შეასწავლიან, სპორტის გაკვეთილებზე კი რაგბის ვარჯიშები სავალდებულო გახდება.
პროექტის შესახებ, "შავი ბასტიონების" მთავარმა მწვრთნელმა,ბექა აქუბარდიამ ისაუბრა:
„ელიტურ სარაგბო ქვეყნებს თუ გადავხედავთ, ისეთებს როგორებიცაა ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, საფრანგეთი და ა.შ., მსგავსი სარაგბო სკოლები ყველგან ფუნქციონირებს და სწორედ აქედან მოდიან ძირითადად ელიტური მორაგბეები. აქ დიდი ყურადღება დაეთმობა როგორც სარაგბო უნარების, ასევე ინტელექტის განვითარებას, რაც უმაღლეს დონეზე თამაშისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ჩვენი პრიორიტეტია, სკოლის ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ ასაკობრივი გუნდები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფესტივალებში. სამომავლოდ, გამორჩეული ნიჭის მქონე მორაგბეები სკოლაში სწავლას უსასყიდლოდ გააგრძელებენ. თავის მხრივ, სკოლის მოსწავლეები, რომელთაც რაგბის უფრო მაღალ დონეზე თამაშის სურვილი ექნებათ, ‘შავი ბასტიონების’ ასაკობრივ ჯგუფებში გადასახადის გარეშე ივარჯიშებენ. ასავე, თუ რომელიმე მოთამაშე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მოხვდება, მას უნივერსიტეტში სწავლას ჩვენ დავუფინანსებთ.“









