ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი, დუშან ვლაჰოვიჩი სერია ა-ს იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან გამოკითხვაში აჯობა ლაუტარო მარტინესს (ინტერი), რუბენ ლოფტუს-ჩიკს (მილანი), ალესანდრო ბონჯორნოს (ტორინო), ალბერტ გუდმუნდსონსა (ჯენოა) და შიმონ ჟურკოვსკის (ემპოლი).
სერბი თავდამსხმელის მონაგარი იანვარში იყო ასეთი - 4 შეხვედრა, 6 გოლი. საერთო ჯამში კი მიმდინარე სეზონში მისი შედეგი ყველა ტურნირზე ერთად არის 23 მატჩი და 12 ბურთი. როგორც ვხედავთ, "ბებერი ქალბატონის" ფორვარდმა თავისი გოლების ზუსტად ნახევარი სწორედ გასულ თვეში გაიტანა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ბიანკონერის" ცხრიანი სერია ა-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად სახელდება. პირველი ჯილდო მან მიიღო 2021 წლის დეკემბერში, მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ფლორენციის ფიორენტინაში თამაშობდა. 24-წლის ფორვარდმა მაქს ალეგრის გუნდში საერთო ჯამში 86 მატჩში 35 ბურთი გაიტანა.









