ბარსელონას წარმატებული სეზონი გრძელდება. კოპა დელ რეის მოგების შემდეგ, ჰანსი ფლიკის გუნდი 2 ტურნირზე აგრძელებს ბრძოლას — კატალონიელები ლა ლიგაში პირველ ადგილს არ თმობენ, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ფლიკის გუნდი 1/2 ფინალში ინტერს დაუპირისპირდება.
"ბლაუგრანას" დღეს ბევრი ლიდერი ჰყავს, რომელთაგან ძირითადად შემტევები არიან, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყოთ ვოიცეხ შესნის პერფორმანსიც, რომელიც უბრალოდ საოცარ ფორმაშია. ვეტერანი პოლონელი კიპერის სათამაშო ფორმამ, ჰანსი ფლიკს ახალი თავის ტკივილი გაუჩინა, რადგან მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გუნდთან ერთად ვარჯიში რამდენიმე კვირის წინ განაახლა. რაში მდგომარეობს პრობლემა? ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის წინ, კლუბში უნდა გადაეწყვიტათ განაცხადში პოლონელი ფეხბურთელი დარჩებოდა თუ გერმანელ კიპერს დააბრუნებდნენ.
ამ საკითხთთან დაკავშირებით, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"შესნი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, გადაწყვეტილება საბოლოოა. ტერ შტეგენი? ვნახოთ, ლა ლიგაში როტაცია შესაძლებელია."
როგორც ჩანს გადაწყვეტილება მიღებულია — ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ მატჩებში ბარსელონას კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს.









