დიდი დაბრუნება — მასიმილიანო ალეგრი მილანს ჩაიბარებს! დიახ, "როსონერისა" და იტალიელ სპეციალისტს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, 57 წლის გამოცდილ მწვრთნელს ქალაქ მილანში უახლოეს საათებში ელოდებიან, სადაც კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მილანმა მასიმილიანო ალეგრისთან მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში ახალი სპორტული დირექტორი იგლი ტარე მივიდა. ალბანელმა მენეჯერმა კარგად იცოდა, რომ ალეგრის მიმართ ინტერესს ნაპოლი და ინტერიც იჩენდნენ, შესაბამისად, იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებები დაჩქარებული წესით დაიწყო. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, "როსონერი" იტალიელ მწვრთნელს წელიწადში €5 მილიონსა და სოლიდურ ბონუსებს გადაუხდის. კონტრაქტში ასევე ჩაიწერება პუნქტიც, რომლის თანახმადაც 2027 წელს მხარეებს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.
შეგახსენებთ, მაქს ალეგრი მილანში 2010-2014 წლებშიც მუშაობდა, რა დროსაც სკუდეტოს მოგებაც მოახერხა. გამოცდილი იტალიელი მწვრთნელი ბოლოს იუვენტუსში მუშაობდა, 2024 წლის ზაფხულიდან მოყოლებული კი უგუნდოდ იყო.









