15 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.
მოახლოვებული მატჩისთვის მზადება ჩვენმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით დაიწყო. მატჩის წინ კომენტარი ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი კვერნაძემ გააკეთეს.
ბუდუ ზივზივაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): „ვემზადებით ბოლო ორი მატჩისთვის. გუნდში, როგორც ყოველთვის, კარგი განწყობაა. ამ ორ თამაშში ვეცდებით, რომ ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, გამოვიკეთოთ ხასიათი და დადებითად შევხვდეთ ახალ სანაკრებო სეზონს. ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ. ოქტომბრის მატჩებამდე, კლუბში დისკვალიფიკაციის გამო, სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშები ჩავატარე და გოლიც გავიტანე, რაც თავდაჯერებას მმატებს. თუ მოახლოებულ მატჩებში მომეცემა თამაშის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო წარმატების მიღწევაში.“
გიორგი კვერნაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): „პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. ესპანეთის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა საშინაო კედლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა ამაყად დატოვონ სტადიონი".









