დავიწყოთ ლა ლიგით, სადაც გვხვდება გიორგი მამარდაშვილი და მისი ვალენსია. როგორც ვიცით, ახალგაზრდა მეკარე უკვე ლივერპულის ფეხბურთელია, მაგრამ ერთი სეზონით იჯარით ქართველი გოლკიპერი "ღამურებში" დარჩა. რაც შეეხება მისი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას, პრიმერა დივიზონში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ, "ლოს ჩესი" 23 ქულით მე-18 პოზიციაზე არის.
"მურსელაგოსის" კონკურენტები ლა ლიგაში ადგილისთვის არიან ალავესი, ესპანიოლი, ლას პალმასი, ლეგანესი და ვალიადოლიდი. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "წითლების" საკუთრებაში მყოფი გოლკიპერი მესტალიას ბინადრების გადარჩენას. მივადექით კალჩოს, სადაც გასავარდნ ზონას საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის ემპოლი მიუახლოვდა.

სეზონის იმედისმომცემად დაწყების შემდეგ, "აძურიმ" შემოგვთავაზა ზედიზედ 10-თამაშიანი მოუგებელი სერია და 25-ე ტურისთვის მე-17 ადგილზე ამოყო თავი. გოგლიჩიძე ტოსკანელთა ძირითადის განუყოფელი ნაწილია, საზონოვი კი ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ, რეაბილიტაციის კურსს განაგრძობს.
"ლურჯებს" სერია ა-ს გასავარდნ ზონამდე მხოლოდ ერთი ქულა აშორებთ. გადავინაცვლოთ ბუნდესლიგაში, სადაც ჰაიდენჰაიმის გადარჩენას ბუდუ ზივზივაძე ცდილობს. "როთბლაუსი" 22 ტურის შემდეგ, 14 ქულით არის მე-17 პოზიციაზე და გერმანიის ჩემპიონატში დასარჩენ ვაკანტურ ადგილამდე ჩამორჩენა 7 ქულა არის.
სამწუხაროა ის, რომ ქართველ თავდამსხმელს ბადენურ გუნდში გოლი ჯერ არ გაუტანია. ბოლოს კი ლიგა 1, სადაც გადარჩენისთვის იბრძვის ერთ დროს ყველაზე ტიტულოვანი ფრანგული კლუბი, სენტ-ეტიენი. 18 ქულა და მე-16 პოზიცია, ზურიკო დავითაშვილის გუნდი სანატრელ მე-15 ადგილს უკვე 3 ქულით ჩამოშორდა.












