პირველ რიგში, მადრიდის ატლეტიკოს ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი სერია ა-ში სკუდეტოს მოსაგებად გადადიოდა, თუმცა "ნერაძურიში" მან ეს ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, ჩოლო კალჩოდან მაინც არ წასულა ხელცარიელი და "შავ-ლურჯებიდან" გადასვლის შემდეგ, ის 1999-2000 წლების სეზონზე იტალიის ჩემპიონი რომის ლაციოს რიგებში გახდა.
ეს იყო ისტორიული მოვლენა "ბიანკოჩელესტესთვის", რომელსაც სკუდეტო 1974 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. იმ დროს, სერია ა-ში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო და ძლიერი მოთამაშეების დეფიციტს არც "არწივები" განიცდიდნენ. სიმეონეს გარდა, საჩემპიონო შემადგენლობაში იყვნენ რობერტო მანჩინი, სინიშა მიხაილოვიჩი, მარსელო სალასი, ხუან ვერონი, პაველ ნედვედი, დეიან სტანკოვიჩი, ალესანდრო ნესტა და სხვები.

სტადიო ოლიმპიკოზე იმ დროს თამაშობდა სიმონე ინძაგიც, რომელიც მართალია არ იყო თავისი ძმის, ფილიპოსნაირი სახელოვანი თავდამსხმელი, თუმცა თავისი წვლილი ჩემპიონობაში მანაც შეიტანა. ის დღემდე რჩება ერთადერთ იტალიელ მოთამაშედ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 4 ბურთის გატანა შეძლო.
ეს მოხდა 2000 წლის 14 მარტს, მარსელის ოლიმპიკის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გოლი იტალიელმა თავდამსხმელმა სწორედ არგენტინელი ჩამშლელის გადაცემით გაიტანა. დღეს, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამჯერად უკვე დამრიგებლების რანგში, სხვადასხვა კლუბში და მეტოქეების სტატუსით.
ორივე მათგანმა ძალიან კარგად აითვისა სამწვრთნელო საქმე და ინტერნაციონალეს ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის. საიდუმლო არ არის, რომ დიეგო დამრიგებლობაზე პირველად სწორედ მილანურ კლუბში თამაშის დროს დაფიქრდა. "როხიბლანკოს" სპეციალისტი იხსენებს: "ინტერში თამაშის დროს მივხვდი, რომ მწვრთნელობა მინდოდა.

დიახ, მე იქ არ მომიგია მნიშვნელოვანი ჯილდოები, თუმცა მივიღე ცოდნა, რომელიც მომავალში ძალიან დამეხმარა. ყურადღებით ვაკვირდებოდი სპეციალისტების მუშაობას და ყველაფერ მნიშვნელოვანს ჩემთვის ვინიშნავდი", - აცხადებდა ჩოლო. ისიც არ არის საიდუმლო, რომ ის დაბრუნებას გეგმავს მილანურ კლუბში, ამჯერად უკვე სპეციალისტის რანგში.
53 წლის მწვრთნელს არაერთხელ უთქვამს, რომ "ნერაძურიში" მას დაუმთავრებელი საქმეები დარჩა. დღეს, ის "ინდიელებშია", მის საყვარელ სერია ა-ს კლუბს კი ხელმძღვანელობს სიმონე, თანაც ძალიან წარმატებით. "შავ-ლურჯები" უკვე ახლოს არიან მე-20 ჩემპიონობასთან და ვინ იცის, იქნებ, დიდებული მომენტი მათ ევროთასზეც ჰქონდეთ.
ჯუზეპე მეაცას ბინადრების უახლოესი ბარიერი სწორედ სიმეონეს გუნდია, რომელიც ჩრდილში ყოფნას ასევე არ აპირებს. ერთი სიტყვით, დღევანდელი მატჩი ინტრიგას მოკლებული ნამდვილად არ არის. არგენტინელი სპეციალისტის გზა მაინც გადაიკვეთა ინტერთან, მაგრამ თავად დამრიგებელი მეტოქის რანგშია.










