- აფხაზეთში დაიბადე, ცხოვრების უმეტესი ნაწილი რუსეთში გაატარე, თუმცა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდი. ამის შესახებ რას გვეტყოდი?
- რა თქმა უნდა, სისხლით ქართველი ვარ, მაგრამ რუსეთმა ყველაფერი მომცა — საფეხბურთო, ცხოვრებისეული და უმაღლესი განათლება. მყავს რუსი ცოლი, რუსეთში დაბადებული შვილები, მეგობრები, სამსახური, ამ ქვეყანაში თავს იდეალურად ვგრძნობ. დღესდღეობით მოდაშია რაღაცის უარყოფა — როგორ შემიძლია ამის გაკეთება? მე ვარ ქართველი, რომელსაც უყვარს რუსეთი და რუსი ხალხი. რუსეთზე ცუდ სიტყვას არასდროს ვიტყვი, ამას ვერავინ მაიძულებს. არ არსებობს ცუდი ერები, არსებობენ ცუდი ადამიანები.
- რას ფიქრობ, რატომ არ გამოგიძახეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში?
- მეწყინა, რომ არავინ შემხმიანებია, არც გაფართოებულ სიაში ვყოფილვარ... ალბათ, ქართველად არ მიმიჩნევენ. თუ ასეა, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც უყვარს რუსეთი.
- მაგრამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდი...
- დიახ, ასე იყო, მაგრამ შემდეგ რუსეთში მიიღეს კანონი ორმაგ მოქალაქეობაზე. მეორე ლიგიდან მოსკოვის არარატში მოვხვდი, სადაც რვა ტურის განმავლობაში ვერ დამარეგისტრირეს, ვინაიდან ლეგიონერად ვითვლებოდი. ეს ხომ სისულელეა? ჩემი პირველი მოქალაქეობა რუსულია, ფეხბურთელად სწორედ აქ ჩამოვყალიბდი. ამის შემდეგ მათ ვაჩვენე ყველა დოკუმენტი, მათ შორის სერთიფიკატები, რასაც ჩემი დარეგისტრირება მოჰყვა. შეიძლება ამ ყველაფერმა საქართველოში ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეცვალა.
- ვინმესთან თუ გაქვთ ურთიერთობა საქართველოს ნაკრებიდან?
- დიდი ხანია რაც ნიკა კვეკვესკირს ვიცნობ, ჩვენი მამები ერთად თამაშობდნენ კიდევაც.
- ევრო 2024-ზე საქართველოს თამაშმა რაიმე ემოცია გამოიწვია თქვენში?
- მომეწონა, რომ ვილი სანიოლმა ქართული მენტალიტეტი შეცვალა. დღევანდელი ნაკრები მხოლოდ ტექნიკურ და ნიჭიერ მოთამაშეებზე დამოკიდებული აღარაა, მთლიანი გუნდი შეიცვალა. საქართველოს ნაკრებს აქამდე რომ 5 მცველით ეთამაშა, ამაზე ქართველ ფანებს უარყოფითი რეაქცია ექნებოდათ, მაგრამ სანიოლის დროს ამ სათამაშო სქემამ იმუშავა და ახლა ყველა ბედნიერია. ფეხბურთელებიც უფრო პროფესიონალები გახდნენ. ხვიჩა? ის ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ გიორგი ქინქლაძის დონის მაინც არ არის.









