2015 წლის 13 ივლისი - დღე, როცა კლაუდიო რანიერიმ ლესტერ სიტი ჩაიბარა. ვეტერანმა მწვრთნელმა მოკრძალებულ გუნდში შემოგვთავაზა 21-ე საუკუნის მთავარი სენსაცია, მაგრამ იქამდე, იტალიელი სპეციალისტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა აბსოლუტურად ყველამ, ვისაც არ ეზარებოდა.
რომას ამჟამინდელ უფროს მრჩეველამდე, "მელიებში" მოღვაწეობდა ნაიჯელ პირსონი - მწვრთნელი, რომელმაც ეს გუნდი ამოიყვანა ჩემპიონშიპიდან და მოგვიანებით, უმაღლეს დივიზიონში ადგილიც შეუნარჩუნა. ინგლისელი თავკაცის მიდლანდური კარიერა ტაილანდში დატრიალებულ სკანდალს შეეწირა.
ვიშაი შრივადანაპრაბხას კლუბი აღნიშნულ ქვეყანაში ჩავიდა გულშემატკივრების უკეთ გაცნობის მიზნით, გუნდის მწვრთნელმა, მისმა შვილმა და კიდევ ორმა მოთამაშემ კი თავისუფალ დროს ტაილანდელ ქალბატონებთან ერთად სექსუალური ხასიათის ვიდეო ჩაწერეს. ამ ინციდენტის შემდეგ, ქინგ ფაუერზე მათი კარიერა დასრულდა.
ლესტერ სიტის ყოფილი მწვრთნელის შემცვლელად მოვიდა რანიერი და უნდა ითქვას, რომ ინგლისური პრესა მის პრემიერ ლიგაში დაბრუნებას კრიტიკით შეხვდა. მაგალითად, გარი ლინეკერმა იტალიელი სპეციალისტის დანიშნვას ბანალური და კბილებს შორის გაჭედილი ვარიანტი უწოდა.
The Guardian-მა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2004 წლიდან, ლონდონის ჩელსიდან გაშვების შემდეგ, კლაუდიო ორ სეზონზე დიდხანს არსად გაჩერებულა. ჰარი რედნაპმა აღნიშნა, "მელიებში" დანიშნვით, "არისტოკრატების" ექს-დამრიგებელს სამწვრთნელო კარიერის ბოლოს ძალიან გაუმართლა.
73 წლის მწვრთნელი გააკრიტიკა მარკ ბოსნიჩმაც კი, რომელიც 2000-იანების დასაწყისში კოკაინის მოხმარების გამო ფეხბურთიდან მოკვეთეს. რანიერიმ მათ ყველას შეუთვალა ლაკონური პასუხი: "კონცენტრირებული ვარ საქმეზე და არა სხვის აზრებზე". რა მოხდა შემდეგ? ვეტერანმა იტალიელმა სპეციალისტმა მთელი საფეხბურთო სამყარო დაადუმა.
კლაუდიოს მიერ გაწვრთნილი მიდლანდელები იმავე სეზონში გახდნენ პრემიერ ლიგის ჩემპიონები, გზად კი აჯობეს არსენ ვენგერის არსენალს, ლუი ვან გაალის მანჩესტერ იუნაიტედს, ჟოზე მოურინიოს ჩელსის, მანუელ პელეგრინის მანჩესტერ სიტის, იურგენ კლოპის ლივერპულსა და მაურისიო პოჩეტინოს ტოტენჰემს.









