იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ თავის ფეხბურთელებს PlayStation-ის თამაში აუკრძალა. აღნიშნული საკითხის შესახებ კომენტარი თავად იტალიელმა სპეციალისტმა გააკეთა:
"თვალს ვხუჭავ იმაზე, რომ მოთამაშეებს მუდმივად უჭირავთ ხელში ტელეფონი, მასაჟისა და პროცედურების დროსაც კი.
ვიდეო თამაშები? - ეს უკვე მეტისმეტია. იტალიის ნაკრებში მინდა ძველი ატმოსფერო დავაბრუნო და ბუფონი ამაში დამეხმარება. თანამედროვე ცხოვრება თუ მატჩის წინ, დილის 4 საათამდე Playstation-ის თამაშით განისაზღვრება, მაშინ, ეს თანამედროვეობა არც ისე კარგია. დღევანდელი მოთამაშეები ვარჯიშზე წინ ფოტოების სოციალურ ქსელებში ატვირთვას აყენებენ.
ასეთი ღირებულელების ადგილი "სკუადრა აძურაში" არ არის. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უნდა ჰგავდნენ მგლების ხროვას, რომელიც თავის გზაზე არაფერს ტოვებს. ჩვენ გვჭირდება გუნდი, რომელიც მოიგებს ევრო 2024-ს, Call of Duty-ს თამაშით კი ეს არ გამოვა", - განაცხადა "ლურჯების" დამრიგებელმა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორები სწორედ აპენინელები იყვნენ. რაც შეეხება წელს გასამართ კონტინეტის პირველობას, ჯგუფურ ეტაპზე სპალეტის გუნდის მეტოქეები ესპანეთი, ხორვატია და ალბანეთი იქნებიან. ტურნირი სტარტს 14 ივნისს აიღებს, ფინალი კი 14 ივლისს გაიმართება.











