მანჩესტერ სიტის კარში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ფედერიკო ვალვერდეს მსოფლიოს ყველაზე დაუფასებელი მოთამაშე უწოდა. ინგლისელი უკანახაზელის ნათქვამში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი, იმის გათვალისწინებით, რომ ურუგვაელი შუახაზელი მადრიდის რეალის სხვა ვარსკვლავების ჩრდილში მუდმივად რჩებოდა.
"ულაპარაკოდ, ვალვერდე მსოფლიოს ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. როდესაც თამაშობ მის გვერდით, ხვდები, თუ რამხელა სამუშაოს ასრულებს ფედე გუნდისთვის. ის არის ყველგან, მოედნის თითოეულ მონაკვეთზე. იმედი მაქვს, ხალხი ახლა მაინც დაიწყებს ურუგვაელ შუახაზელზე საუბარს."
საუბარია ფეხბურთელზე, ვინც "სამეფო კლუბის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. პენიაროლის აღზრდილმა ნახევარმცველმა ამ დროის მანძილზე სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების მაისურით ჩაატარა 360-ზე მეტი შეხვედრა და მოიგო 14 ტიტული. ცალკე გამოსარჩევია ურუგვაის ეროვნული გუნდის მე-8 ნომრის უნივერსალიზმი.
რეალში თამაშის პერიოდში "ელ პახარიტომ" სხვადასხვა დროს რვა პოზიციაზე თამაში მოასწრო. ის არის გუნდის შეუცვლელი წევრი და დანი კარვახალის არყოფნაში, კაპიტანიც. მადრიდი წარმოუდგენელია 27 წლის შუახაზელის გარეშე, მაგრამ ამის მიუხედავად, საფეხბურთო სამყაროში მასზე არ ლაპარაკობენ ისე აქტიურად, როგორც იგივე კილიან მბაპეზე, ვინისიუს ჟუნიორზე ან ჯუდ ბელინგემზე.
საინტერესოა, რომ The Athletic-მა შეადგინა იმ ფეხბურთელების სია, ვინც ვალვერდეს მსგავსად, დაუფასებლებად ითვლებიან. ჩამონათვალში მოხვდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ჰარი კეინი, ბერნარდო სილვა, ჰარი მაგუაირი, ვიქტორ ოსიმენი, ჟოაუ ნევეში, მაიკლ ოლისე და სხვები.









