ტურინის იუვენტუსის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ იტალიის ნაკრების მორიგი ფიასკო შეაფასა. შეგახსენებთ, რომ პლეიოფში ბოსნიის ეროვნულ გუნდთან წაგებით, "სკუადრა აძურა" მუნდიალზე ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა. იტალიელი ყოფილი ფუნქციონერის თქმით, "ლურჯების" პრობლემები კალჩოპოლით დაიწყო.
"იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ წარმატებას ბოლოს მიაღწია 2006 წელს, როდესაც გამარჯვებული გახდა. იმის შემდეგ, კალჩოპოლიმ ჩვენი ფეხბურთი გაანადგურა. ეროვნული გუნდი არის სისტემის ანარეკლი და მუნდიალზე ვერმოხვედრა ზედიზედ 3-ჯერ ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტში რაღაც გატყდა.
თევზი ლპობას იწყებს თავიდან - გრავინა უნდა წავიდეს. ფაქტია, რომ ვერ გაუმკლავდა დაკისრებულ მოვალეობას და ახლა ყველაფერი ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს. საკმარისია არაფრისმომცემი საუბრები, ნამდვილი რევოლუცია უნდა მოხდეს. მივედით იმ დონეზე, რომ უკვე ბოსნიის დონის გუნდების გვეშინია", - განაცხადა "ბიანკონერის" ყოფილმა ფუნქციონერმა.









