აფრიკის ერთა თასის დაწყებასთან ერთად, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მოჰამედ სალაჰი, რომელმაც მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში არაერთი სირთულე გამოიარა. კონფლიქტი არნე სლოტთან, რის გამოც ეგვიპტელმა ფორვარდმა გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე, მილანის ინტერთან შეხვედრისთვის კი ის საერთოდ, განაცხადს მიღმა დარჩა.
ლივერპულის ლიდერი მოექცა კრიტიკის ქარ-ცეცხლში, მათ შორის ინგლისური გუნდის გულშემატკივრების მხრიდანაც. ყველაზე მწვავე კომენტარი მერსისაიდელთა მე-11 ნომერმა მიიღო ჯეიმი კარაგერისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ის ეგვიპტის მასშტაბითაც კი არ არის დიდი მოთამაშე, რადგან ეროვნულმა გუნდმა თავისი მთავარი ტიტულები 33 წლის ფორვარდის გარეშე მოიგო.
ინგლისელი ყოფილი მცველის სიტყვებში ნამდვილად არის სიმართლე - "ფარაონები" აფრიკაში არიან ყველაზე ტიტულოვანები და მათ ანგარიშზე 7 კონტინენტური თასია, მაგრამ სალაჰთან ერთად, მათ ერთიც არ მოუგიათ. ვიცე-ჩემპიონობა 2017 და 2021 წლებში - ეს არის "ალ-ფირაინას" მაქსიმუმი თავის მთავარ ვარსკვლავთან ერთად.
"წითლებში" უკანასკნელ პერიოდში დატრიალებული მოვლენებიდან გამომდინარე, ეგვიპტელი თავდამსხმელი აფრიკის ერთა თასის წლევანდელ გათამაშებას ხვდება განსაკუთრებული მოტივაციით და უნდა ითქვას, რომ პირველ შეხვედრაში მან თავიც გამოიჩინა - ჰოსამ ჰასანის გუნდმა ზიმბაბვეს სწორედ მოს მიერ 91-ე წუთზე გატანილი ბურთით მოუგო.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა ენფილდის ბინადრების ლიდერი ისტორიის დაწერას ამჯერად უკვე ეგვიპტის ნაკრების სახელით. საკლუბო დონეზე ლივერპულის მე-11 ნომრის მემკვიდრეობა მართლაც საოცარია, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე მას ჯერ კიდევ აქვს დასამტკიცებელი, პირველ რიგში თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის წინაშე.









