კევინ დე ბრუინმა დატოვა მანჩესტერ სიტი, მისი შემდეგი გაჩერება კი ნაპოლი იქნება. ლეგენდარული გამთამაშებლის სტატისტიკა "ქალაქელებში" ასეთია: 422 შეხვედრა, 108 გატანილი ბურთი და 177 ასისტი. საინტერესოა, რომ 119 შედეგიანი პასი ბელგიელმა ფლეიმეიქერმა მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატში გააკეთა.
118 საგოლე გადაცემა პეპ გუარდიოლას გუნდში, ერთი კი ლონდონის ჩელსიში. მოქმედ ფეხბურთელებს შორის მასზე მეტი შედეგიანი პასი ინგლისის ჩემპიონატში არავის აქვს. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, ეტიჰადის ბინადრების ყოფილ კაპიტანზე წინ არის მხოლოდ ერთი მოთამაშე, რაიან გიგზი, 162 ასისტით.
ლეგენდარულმა უელსელმა გარემარბმა პრემიერ ლიგაში ჩაატარა 22 სეზონი, 33 წლის გამთამაშებელმა კი ბევრად ნაკლები - 10. ეს ფაქტი კიდევ უფრო ფასეულს ხდის სიტის ყოფილი მე-17 ნომრის დატოვებულ მემკვიდრეობას ინგლისის ჩემპიონატში.
ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა პრემიერ ლიგაში
| ფეხბურთელი | ასისტების რაოდენობა |
| რაიან გიგზი | 162 |
| კევინ დე ბრუინი | 119 |
| სესკ ფაბრეგასი | 111 |
| უეინ რუნი | 103 |
| ფრენკ ლამპარდი | 102 |
| დენის ბერგკამპი | 94 |
| დავიდ სილვა | 93 |
| სტივენ ჯერარდი | 92 |
| ჯეიმს მილნერი | 89 |
| მოჰამედ სალაჰი | 87 |









