დღეს გაიმართება ეროვნული ლიგის ცენტრალური მატჩი ქუთაისის ტორპედოსა და იბერიას შორის. მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება.
ჯერჯერობით, ტორპედო მოლოდინს ვერც ამ სეზონში ამართლებს და ორი შეხვედრიდან ორივე წააგო. ჯერ სპაერთან დამარცხდა, შემდეგ კი რუსთავთან. შესაბამისად, ტორპედო ვალდებულია, რომ მესამე ტურში სეზონის პირველი ქულები მოიპოვოს.
რაც შეეხება იბერიას, მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი წარმატებულად დაიწყო და უშუალო კონკურენტი გორის დილა პირველივე მატჩში დაამარცხა.
ტორპედო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდად არ აქტიურობდა და მათი მიზანი ბირთვის შენარჩუნება იყო. ერთადერთი საკვანძო ცვლილება, რაც გუნდმა განახორციელა იონსენის გაშვება და გიორგი არაბიძის მოყვანა იყო. მეტიც, ამ ზამთარს გუნდს არცერთი ლეგიონერი არ დაუმატებია.
იბერიას გეგმა პირიქით იყო, გუნდმა ბევრი ტრანსფერი განახორციელა, დაიმატა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მოთამაშეები და მათი მიზანი წელს ევროტურნირებზე წარმატებული თამაშია.
ბოლო 5 ურთიერთშეხვედრა: ტორპედო-იბერია 3:1, იბერია-ტორპედო 2:1, იბერია-ტორპედო 0:0, იბერია-ტორპედო (პ. 0:1), ტორპედო-იბერია 0:1
აუცილებლად საყურებელი მოთამაშე: 16 წლის ანდრია ბართიშვილმა პირველივე ტურში ეფექტური და შედეგიანი თამაში შემოგვთავაზა, იბერიამ პენალტი სწორედ ბართიშვილის აქტიურობის შემდეგ მოიპოვა. ის არის ფეხბურთელი, რომლის თამაშის ნახვა ნებისმიერ გულშემატკივარს სიამოვნებას მიანიჭებს.
ტორპედო - იბერია
ეროვნული ლიგა, მე-3 ტური
11 მარტი, 20:00
რამაზ შენგელიას სტადიონი, ქუთაისი
მთავარი მსაჯი: ირაკლი იზორია
ეროვნული ლიგის მე-3 ტურის მატჩები
11 მარტი
19:00 დინამო თბილისი - რუსთავი
20:00 გაგრა - სპაერი
20:00 ტორპედო - იბერია
12 მარტი
19:00 სამგურალი - დინამო ბთ
20:00 დილა - მეშახტე









