ლუკა ლოჩოშვილი 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ კრემონეზედან ნიურნბერგში გადავიდა. გერმანული გუნდი ამჟამად ასპარეზობს მეორე ბუნდესლიგაში, მაგრამ ბევრმა არ იცის, ის ფაქტი, რომ "ალტმაისტერი" თავის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული კლუბი არის.
ბავარიელები ბუნდესლიგის ჩემპიონები არიან ცხრაჯერ და მათზე ხშირად ქვეყნის შიდა პირველობა მოუგია მხოლოდ ერთ გუნდს - რეგიონალურ მეზობელს, მიუნხენის ბაიერნს, 34-ჯერ. დიახ, მიროსლავ კლოზეს გუნდი არის ისეთ კლუბებზე წინ, როგორებიც არიან დორტმუნდი, შტუტგარტი, ჰამბურგი, შალკე და ა.შ.
მაქს-მორლოკის ბინადრების ოქროს ეპოქა იყო გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც 1920 - 1927 წლების შუალედში ამ გუნდმა ქვეყნის პირველობა მოიგო 5-ჯერ, ბოლო ტრიუმფი კი 1968 წლით თარიღდება. რაც შეეხება ევროსარბიელზე ასპარეზობას, ნიურნბერგს სხვადასხვა დროს მოუგია ატლეტიკოსთან, რომასთან, ბენფიკასა და სხვებთან.
გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ "ოლდმაისტერში" სხვადასხვა დროს უთამაშიათ ული ჰიონესს, იან კოლერს, ილქაი გიუნდოგანს, ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგს, ნიკლას ფულკრუგსა და კიდევ არაერთ ცნობილ მოთამაშეს. დღეს, ბავარიელები გამოდიან გერმანიის მე-2 ლიგაში და მათ უმაღლეს დივიზიონში ამოყვანაზე დამრიგებლის რანგში კლოზე მუშაობს.
გერმანული გუნდები ყველაზე მეტი ჩემპიონობით
| გუნდი | ტიტულების რაოდენობა |
| ბაიერნი | 34 |
| ნიურნბერგი | 9 |
| დორტმუნდი | 8 |
| შალკე | 7 |
| ჰამბურგი | 6 |
| შტუტგარტი | 5 |
| გლადბახი | 5 |









