ეს ერთი წელი ფეხბურთელისთვის იმდენად რთული იყო, რომ ყველაფრის დავიწყება სურს, ამიტომ ჩვენც დავივიწყოთ და შევხედოთ მომავალს, სადაც ოქრიაშვილი კვლავ მაღალ დონეზე თამაშს გვპირდება.
გამოცდილი ფეხბურთელი დინამო თბილისში ჩაირიცხა და ორი მატჩიც გამართა, კარგ ფიზიკურ კონდიციშია და სასურველ ფორმაში შესვლა უნდა.
"პატარა ბავშვივით ბედნიერი ვარ, რადგან მოედანს დავუბრუნდი. დიდი ხანი ფეხბურთი არ მითამაშია და ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი. დინამო თბილისში კარგად დამხვდნენ, მიყურებენ ისე, როგორც მე ვუყურებდი ხოლმე ჩემზე გამოცდილ ფეხბურთელებს. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდული გუნდი იყოს, ეს რთული პროცესია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი მოთამაშეები არიან, განვითარდებიან და მაღალ დონეზე ითამაშებენ".

- რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში ამ 1-წლიანი პაუზის დროს?
- ვისვენებდი (იცინის). გაგრადან წამოსვლის შემდეგ, პირადი პრობლემები მქონდა, რაზე საუბარიც არ მსურს. მინდა ეს ერთი წელი დავივიწყო და ყველაფერი თავიდან დავიწყო. ერთი წელი არაფერს არ ვაკეთებდი - ვიძინებდი გვიან, ვიღვიძებდი გვიან და 24 საათი ფლეისთეიშენს ვთამაშობდი. მიუხედავად მძიმე მენტალური პრობლემებისა, კარიერის დასრულებაზე არ მიფიქრია, რადგან ამას ვერ დავუშვებ. უბანში მინი ფეხბურთით ვერთობოდი ხოლმე და ისე კარგად ვთამაშობდი, ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები, რომ დიდ ფეხბურთში არ ვიყავი.
ლორიას წვლილი ოქრიაშვილის დაბრუნებაში
- დიდი მადლობა გიორგი ლორიას ფეხბურთში ჩემი დაბრუნებისთვის. ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, დაბრუნდიო, მაგრამ ლორია სულ სხვანაირად მელაპარაკა, მომიყვანა გუნდში და მისი დამსახურებაა, რომ დღეს დინამო თბილისის ფეხბურთელი ვარ.
თორნიკე ოქრიაშვილი რომ საქართველოს ნაკრებში ყოველთვის თავდადებით თამაშობდა, ყველამ ვიცით. ბოლო პერიოდის ისტორიულ მატჩებში მოედანზე ის ნაკრებს ვერ ეხმარებოდა, თუმცა გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნა და გასახდელშიც ნაკრებთან ერთად იყო...
- გეთანხმებით! ისე ვარ დაპროგრამებული, რომ ჩემთვის საქართველოს ნაკრები არის ნომერ პირველი გუნდი და ეს თამაშებიდანაც ჩანს. ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის ნაკრები იყო და ვცდილობდი, არცერთი მატჩი არ ჩამეგდო, სულ ვიხარჯებოდი და მინდოდა, 2-ჯერ და 3-ჯერ კარგად მეთამაშა, ვიდრე ამას კლუბში ვაკეთებდი.

ფეხბურთში ახლა იმიტომ არ ვბრუნდები, რომ მაინცდამაინც ევროპაზე ვითამაშო, რადგან შემდეგ კითხვა გაჩნდება, წინა მატჩებში სად იყო და რატომ არ ჩადგა ფორმაშიო...უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მიეწყო, რომ ასე დაემთხვა. როგორც გითხარით, ნაკრები ჩემთვის ყველაფერია და ამჟამად, ჩემი მთავარი ოცნება ფორმის აღდგენა და საქართველოს ნაკრებში თამაშია.
ლუქსემბურგსაც და საბერძნეთსაც ძალიან კარგად ვეთამაშეთ და დამსახურებულად მოვიგეთ. არ მითამაშია, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბოლო პენალტი მე გავიტანე. ნაკრებთან ერთად ბევრი კარგი მომენტი მახსენდება, მაგრამ ესეთი ბედნიერი გასახდელი, როგორიც საბერძნეთთან მოგების შემდეგ იყო, არ მახსენდება.
გუშინ, ვარჯიშზე ტაქსით მოვედი და მძღოლმა მითხრა, ეს წარმატება გასაგებია და დარწმუნებული ვარ, ევრო 2024-ის ჯგუფიდანაც გავალთო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში განწყობა შეიცვალა და დიდი შანსი გვაქვს, რომ ჯგუფიდან მართლა გავიდეთ.
- თქვენმა თაობამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო ის, რაც ნაკრების ამ თაობამ გააკეთა. არის თუ არა ამის მიზეზი ის მენტალობა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ?
- ამჟამინდელ თაობას ბევრად უკეთესი მენტალობა აქვს, ვიდრე ჩვენ გვქონდა. ბოლო პერიოდში, ბევრი მოგებები იყო და ახალმა ფეხბურთელებმა ხალხი სტადიონზე დააბრუნეს, ჩვენზე უფრო პროფესიონალებიც არიან. მაგალითად ავიღოთ კვარაცხელია, რომელიც ჩემთვისაც მისაბაძი ფეხბურთელია. ერთი სიამოვნებაა მისი ყურება მოედანზე და მოედნის გარეთ. ჩამოყალიბებული პროფესიონალი ფეხბურთელია და თავის ასაკთან შედარებით, ბევრად განვითარებული ადამიანია.

გამორჩეული მატჩი ნაკრებში
- ჩემთვის გამორჩეული ბელარუსთან მატჩი იყო, სადაც ჩემი დებიუტი შედგა ნაკრებში და გოლიც გავიტანე. ეს და ირლანდიასთან გატანილი ბურთები ჩემთვის საუკეთესოა სანაკრებო კარიერაში. ბელარუსთან მატჩში, შემადგენლობაში დაყენებას არ ველოდებოდი, ახალგაზრდა ვიყავი და თემურ ქეცბაია მენდო, შანსი მომცა და ეს შანსი გამოვიყენე, რაც ჩემთვის ემოციური იყო. მოედანზე ყველაზე მეტად ჯანო ანანიძესა და ვაკო ყაზაიშვილს ვუგებდი, უთქმელად შეგვეძლო ერთმანეთი გვეპოვნა და ვიცოდით, რას ვაკეთებდით.
- საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყავი, მაგრამ კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც მოველოდით...
- იყო ტრავმები და სხვა მიზეზებიც, მაგრამ პირველ რიგში, რასაც ჩემს განვლილ ცხოვრებასა თუ კარიერაში შევცვლიდი, მენტალობაა. აყოლილი ვიყავი ჩემს გარშემომყოფებს და ფეხბურთზე იმდენს ვერ ვფიქრობდი. კარიერის პიკს რომ მივაღწიე, ჩემზე დიდი წნეხი წამოვიდა და ვერ გავუძელი. ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი, რასაც ძალინ ვნანობ, მაგრამ ალბათ, დრო კიდევ მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოვასწორო.

დაპირება ქართველ გულშემატკივარს
- პირველ რიგში ჩემს თავს და შემდეგ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ისევ ისეთი და იმაზე უკეთესი "ოქრი" ვიქნები, როგორიც ხალხს ახსოვს. დიდ ფეხბურთში დაბრუნება მინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.










