ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ცვლილებებს გეგმავს და 2025 წლის იანვარში, ახალ წესებს ოფიციალურად წარადგენს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძიუდოს წესებში სამი მთავარი ცვლილება მოხდება:
1) ზოგიერთ შემთხვევაში ფეხში ჩავლება დასაშვები გახდება — დღევანდელი წესებით, ძიუდოისტებს აკრძალული აქვთ მეტოქის ფეხზე ხელის მოკიდება და პირველ შემთხვევაში შიდოთი, ხოლო მეორე ჯერზე ორთაბრძოლიდან მოხსნით ისჯება. პირველადი ინფორმაციით, ახალ წესებში ძიუდოისტს პირდაპირ ფეხში შესვლა კვლავ აკრძალული ექნება და მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც ერთი ხელით ჩავლება ექნება დაფიქსირებული.
2) ტატამიდან გასვლა ან მეტოქის ძალით გაყვანა აღარ დაისჯება — დღეს მოქმედი წესებით, როდესაც ძიუდოისტი ტატამიდან გადის, ან მეტოქე ძალით გაჰყავს, მსაჯი მაშინვე აჩერებს ორთაბრძოლას და აფრთხილებს. 2025 წლიდან კი, დიდი ალბათობით მსაჯი მაშინვე აღარ შეაჩერებს და ძიუდოისტებს ექნებათ ტატამიზე დაბრუნების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა ჭიდაობისგან თავის არიდების გამო ტატამიდან გასვლა კვლავ შიდოთი დაისჯება.
3) ტატამიზე თავით შეხება გდების დროს აღარ დაისჯება — ძიუდოში ერთ-ერთი ბოლო ცვლილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაინერგა და ტატამიზე პირდაპირ თავის შეხების გამო მსაჯი ძიუდოისტს ორთაბრძოლიდან ხსნის. ახალი წესებით აღნიშნული მიდგომა შედარებით შემსუბუქდება და თუ ძიუდოისტი თავის გამოყენებით აშკარად არ იმოქმედებს გდებაზე, მსაჯი აღარ დასჯის. აღსანიშნავია, რომ მოქმედი წესი განსაკუთრებით უკმაყოფილებას იწვევს როგორც გულშემატკივრებში, ასევე ძიუდოისტებში.
ახალ წესებს IJF მომდევნო წლის იანვარში წარადგენს და ცვლილებები ოფიციალურად გახდება ცნობილი.
ცვლილებები ძიუდოში — 2025 წლიდან სამი ახალი წესი ამოქმედდება









