2025 წლის ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მძიმე წონის ფინალში გურამ თუშიშვილი ინალ ტასოევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
სპორტსმენები მედლებით ტედი რინერმა დააჯილდოვა, რა დროსაც გურამმა მას ხელი არ ჩამოართვა — შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე მათ შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც ქართველი ჯუდოკა 6 თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ტედი რინერმა გურამ თუშიშვილზე პროვოკაციული კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისტორია მხოლოდ გამარჯვებულებს იმახსოვრებს.
"თუშიშვილი მაშინაც კი ვერ იგებს, როდესაც მე არ ვჭიდაობ — მის შესახებ ბევრ საუბარს არ ვაპირებ. დღეს უძლიერესმა გაიმარჯვა და როგორც ჩემი მწვრთნელი იტყოდა, ისტორია მხოლოდ გამარჯვებულებს იმახსოვრებს"
საქართველოს ნაკრებმა 2025 წლის ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ინდივიდუალურ ჩათვლაში ასპარეზობა 4 მედლით და გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილით დაასრულეს. ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, ვერცხლის მედლებს ტატო გრიგალაშვილი და გურამ თუშიშვილი დასჯერდნენ, ხოლო ბრინჯაოს ლუკა მაისურაძე დაეუფლა.









