შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, ლუკაკუს "დიდი დაბრუნება" შეეძლო, მაგრამ ზომერმა ბელგიელს აჯობა. რომ არა ორი საგოლე მომენტის გაფუჭება, შეიძლება მატჩი სულ სხვანაირად დასრულებულიყო.
ლუკაკუმ ვერ ულიდერა რომას იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც წინა ზაფხულს "უღალატა". "ჯალოროსი" ფეხბურთელის ჩელსიდან გამოსყიდვაზე ფიქრობს, მაგრამ ბელგიელმა ამ მატჩშიც გაუცრუა გულშემატკივრებს იმედები, ისევე როგოროც სხვა დიდი გუნდების წინააღმდეგ.
კრიზისი? - დე როსიმ კლუბში დაბრუნების შემდეგ, ლუკაკუს სრული ნდობა გამოუცხადა. ზედიზედ ოთხ მატჩში ფეხბურთელმა თამაში ძირითად შემადგელობაში დაიწყო. რომელუმ ჰელას ვერონას გაუტანა, მაგრამ გუნდს ინტერთან ვეღარ ულიდერა, საკმაოდ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენა და "ნერაძურის" დაცვის ტრიოს, პავარი-აჩერბი-ბასტონის ვერაფერი მოუხერხა. მის დაუდევარ მოქმედებას კი სტუმრების პირველი გოლი მოჰყვა.
დიდ მატჩებში ლუკაკუმ თავი მხოლოდ ნაპოლისთან გამოიჩინა, თუმცა ვერაფერს გახდა მილანთან, იუვენტუსთან, ატალანტასთან, ლაციოსა და ინტერთან (უკვე ორჯერ). გულშემატკივრები მისგან ბევრად მეტს ელოდნენ, თუმცა მისი დაპირებები არ სრულდება. წინა ზაფხულს, იტალიის დედაქალაქში ამ ტრანსფერმა დიდი მოლოდინები გააჩინა. მოგეხსენებათ, ბოლო წლების რომა, ერთი ჩვეულებრივი გუნდი იყო, რომელიც იტალიაში დიდი მიზნებისთვის არ იბრძოდა. ლუკაკუს, დიბალასა და სხვა ფეხბურთელების დამატებამ კი ყველა დააიმედა... მაგრამ ეს იმედები, სამწუხაროდ, კვლავ არ სრულდება. დე როსი ფეხბურთელს ბოლომდე იცავს, თუმცა ფანების კრიტიკას ვერსად გაექცევა.
გუშინდელი მატჩის მნიშვნელობას, ინტერის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტიც ასახავს. "ნერაძურიში" რომელუ აღარავის უყვარს, მისი სახელი და ისტორია უკვე დავიწყებას მიეცა, თუმცა მისი "ღალატი" ქალაქ მილანის შავ-ლურჯ მხარეში, ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ.

ინტერის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი ლუკაკუ - ზომერის მომენტს ასე ეხმაურება: "NOT IN MY HOUSE" / "ჩემს სახლში არა", რასაც მალევე "ნერაძურის" შემტევის, მარკუს ტურამის კომენტარიც მოჰყვა: "კარგად იცი რასაც აკეთებ ადმინ." ბოლო საათებში ეს პოსტი და კომენტარი ყველა სოციალურ ქსელში გავრცელდა, ინტერის გულშემატკივრებმა ზეიმი გამარჯვების შემდეგაც გააგრძელეს.









