2024 წლის სეზონის ხმაურიანად დაწყების მიუხედავად, რედ ბულში არეულობაა - კრისტიან ჰორნერის ხელმძღვანელის პოსტზე დარჩენის გამო, შესაძლოა, გუნდი მთავარმა პერსონებმა დატოვონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰორნერის საპირისპირო ბანაკში მოხვდნენ მოქმედი ჩემპიონი, მაქვს ვერსტაპენი და აეროდინამიკის მამად წოდებული ადრიან ნიუი. აღსანიშნავია, რომ გუნდის გენერალურ დირექტორს, ჰორნერის გათავისუფლების გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, თუმცა, საქმეში ადვოკატები ჩაერთნენ და მან ამჟამინდელი პოსტი შეინარჩუნა.
ავსტრიულ გუნდში შექმნილ სიტუაციას აქტიურად აკვირდება მერსედესი, რომელსაც ჰემილტონის შემცვლელი ჯერაც არ დაუსახელებია და თუ ვერსტაპენმა წასვლა მოინდომა, მის გადაბირებას ტოტო ვოლფი აუცილებლად ეცდება. რედ ბულს საქმეს ვერსტაპენის კონტრაქტი ურთულებს, რომელსაც თავისუფლად შეუძლია გუნდის დატოვება.
ადრიან ნიუის დამატება კი უკვე რამდენიმე წელია ფერარის სურს, რომელიც მზად არის ბრიტანელი ინჟინრის გადმოსაბირებლად 100 მილიონი ევრო გაიღოს. შეგახსენებთ, რომ 2025 წელს იტალიურ გუნდს ლუის ჰემილტონი შეუერთდება და შარლ ლეკლერთან ერთად, შეეცდება ფერარის ძველი დიდების დაბრუნებას.
რედ ბულს შესაძლოა პრობლემები ფორდთანაც შეექმნას, რომელიც 2026 წლიდან გუნდისთვის ძრავის მიმწოდებელი უნდა გახდეს. თუ რედ ბულმა შიდა სამზარეულო ვერ დაალაგა, ამერიკული კომპანია კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს.
კრისტიან ჰორნერს ღიად მაქს ვერსტაპენის მამა, იოს ვერსტაპენიც დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა ჰორმენრს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. საპირისპიროდ კი, რედ ბულმა უფროსი ვერსტაპენი დასაჯა და საუდის არაბეთის გრან პრიზე დასწრება აუკრძალა. ინსაიდერული ინფორმაციით, იოს ვერსტაპენმა მეგობრებს განუცხადა, რომ თუ ჰორნერი რედ ბულში დარჩება, მისი შვილი გუნდს შეიცვლის.
ვერსტაპენი მერსედესში, ნიუი ფერარიში - რა ხდება რედ ბულში?












