ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი, არსენალი ბაიერნის წინააღმდეგ, თამაში რომელიც რეალ მადრიდი - მან.სიტის დაპირისპირებას არაფრით ჩამოუვარდებოდა. ემირეითზე შეკრებილმა მაყურებელმა ძალიან დაძაბული შეხვედრა იხილა, 90 წუთის განმავლობაში არსენალმა და ბაიერნმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, ჩვენ ვიხილეთ 4 გატანილი გოლი, უამრავი სახიფათო და სადავო მომენტები, რომელთაგან ორი მომენტის გამოყოფა შეგვიძლია.
იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა საკა-ნოიერის მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც მსაჯმა დიდი ალბათობით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენი ყურადღება სულ სხვა ეპიზოდზე იქნება მიმართული. მატჩის 67-ე წუთზე, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 1:2 იყო. რაია თავისუფალ დარტყმას ასრულებდა რა დროსაც გაბრიელს გადასცა პასი, ბრაზილიელმა მცველმა კი ბურთი ხელში აიღო და თვითონ გადაწყვიტა თავისუფალი დარტყმის შესრულება. ეს მომენტი ბაიერნის ფეხბურთელემა შეამჩნიეს და მსაჯთან სამართლიანადაც გააპროტესტეს, თუმცა უშედეგოდ. ეს მომენტი ნიბერგის სამსაჯო გუნდმა საერთოდ არ შეიმჩნია.
მატჩის შემდეგ, ამ მომენტზე ტუხელმა კრიტიკული კომენტარი გააკეთა:
"მსაჯმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, ჩვენს სასარგებლოდ 100%-იანი პენალტი არ დანიშნეს. ვიცი, რომ ეს გიჟური მომენტი იყო, მაგრამ წესების მიხედვით ეს თერთმეტმეტრიანია. ეს იყო ბავშვური შეცდომა, რომელიც სამსაჯო ბრიგადამ უბრალოდ ყურადღების მიღმა დატოვა. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. ამ მომენტმა შეიძლება წყვილში საბოლოო შედეგზე ზეგავლენა იქონიოს."

![[ვიდეო] არსენალი-ბაიერნი: პენალტი, რომელიც რეალურად უნდა დანიშნულიყო](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FOpWDZNq6CuLzktiAXAJFwffTDNVEFGqD.webp&w=3840&q=75)








