ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში დაუგროვდა 12 შედეგიანი მოქმედება - 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. აღნიშნულ კომპონენტში ქართველ ვინგერზე შედეგიანი ამ მომენტისთვის არის მხოლოდ 2 მოთამაშე: კილიან მბაპე (14 ბურთი, 1 ასისტი) და ხულიან ალვარესი (9 ბურთი და 4 ასისტი).
როგორც ვხედავთ, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2025/2026 წლების სეზონის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი სწორედ პარის სენ-ჟერმენის ვინგერი აღმოჩნდეს. დიახ, მისი მთავარი კონკურენტი არის ფრანგი ფორვარდი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მადრიდის რეალი ტურნირიდან გამოვარდნის საშიშროების წინაშე დგას.
"სამეფო კლუბი" მიუნხენის ბაიერნთან პირველ მატჩში საკუთარ კედლებში ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი გუნდისგან განსხვავებით, პსჟ-მ 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში შეიქმნა საკმაოდ კომფორტული ფორა, 2:0 ლივერპულთან. აქედან გამომდინარე, "ლურჯ-წითლების" 1/2 ფინალში გასვლა უფრო რეალურია, ვიდრე სანტიაგო ბერნაბეუს მკვიდრების.
ალვარო არბელოას შეგირდების გამოვარდნის შემთხვევაში, ლუის ენრიკეს გუნდის შვიდიანს დარჩება ორი რეალური კონკურენტი: ჰარი კეინი, რომელსაც აქვს 1 ქულით ნაკლები (11 გოლი, 0 ასისტი) და ზემოთხსენებული არგენტინელი ფორვარდი, რომლის მადრიდის ატლეტიკოს დღეს ელის საპასუხო შეხვედრა ბარსელონასთან.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელები გოლს + ასისტის სისტემით
| ფეხბურთელი | გოლს+ასისტი | საერთო შედეგი |
| კილიან მბაპე | 14+1 | 15 |
| ხულიან ალვარესი | 9+4 | 13 |
| ხვიჩა კვარაცხელია | 8+4 | 12 |
| ენტონი გორდონი | 10+2 | 12 |
| ჰარი კეინი | 11+0 | 11 |









